შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით გამოცემული მონოგრაფიების წარდგენა

 

 საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გამოცემული  მონოგრაფიების  - “ყაჯარული დაზგური ფერწერის ინტეგრირებული კვლევები  დასხვა დმანისი. არაბობიდან ქართულ რეკონკისტამდე  წარდგენა.

 ორივე ნაშრომი მომზადდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სამეცნიერო საგრანტო პროექტების ფარგლებში (FR-21-12653; FR-21-3638), და განხორციელდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის  შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის აღმოსავლური კოლექციების დეპარტამენტის თანამშრომლების (ი. კოშორიძე, ნ. დემურიშვილი) ხელმძღვანელობით, ასევე სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის თანამშრომლების, მოწვეული ქართველი და უცხოელი კოლეგების თანამონაწილეობით.

დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით მიმართა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა,  აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ და აღნიშნა ორივე პროექტის მნიშვნელოვანი წვლილი ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში.   ორივე პროექტი ეხება მსოფლიოში განთქმული მუზეუმის დაზგური ფერწერის კოლექციასა და ასევე უმნიშვნელოვანეს შუასაუკუნეების ნაქალაქარ დმანისს,  რომლის საქალაქო ცხოვრებისა და შუასაუკუნეების სხვადასხვა სოციალური, ეთნიკური თუ კონფესიური თემების  მატერიალური კულტურის ძეგლებს მოიცავს.  გენერალურმა დირექტორმა  აღნიშნა, რომ 2021 წელს ეროვნული მუზეუმის 13 პროექტი გახდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ნომინანტი ფუნდამენტური კვლევების მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მუზეუმელთა სამეცნიერო პოტენციალსა და მსგავსი კვლევების აუცილებლობას,  როგორც სამუზეუმო,  ასევე, სხვადასხვა ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარების საქმეში.

შემდეგ სიტყვით გამოვიდა საგრანტო პროექტი FR-21-12653-ის ხელმძღვანელი და FR-21-3638-ის კოორდინატორი,  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ირინე კოშორიძე, რომელმაც აუდიტორიას წარუდგინა ორივე მონოგრაფიის სტრუქტურა, მათში შემავალი სტატიები  და კვლევების ძირითადი შედეგები. მან აღინიშნა,  რომ ორივე მონოგრაფიაში  შევიდა ცნობილი დარგის სპეციალისტების სტატიებიც მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი მუზეუმებიდან და უნივერსიტეტებიდან, ასევე ქართველი არქეოლოგებისა და აღმოსავლეთმცოდნეების ნაშრომები.   მონოგრაფიების წარდგინების შემდეგ, სიტყვით გამოვიდნენ პროექტების მონაწილეები-  ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნათია დემურიშვილი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჯიმშერ ჩხვიმიანი. მათ ყურადღება გაამახვილეს კვლევების ცალკეულ განსაკუთრებულ შედეგებზე და მადლობა გადაუხადეს  შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს,  ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს  გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.

ორივე მონოგრაფიის წარდგინებამ  დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია  და გამოითქვა სურვილი,  რომ მათი  ციფრული ვერსიები პროექტების საბოლოო დასრულების შემდეგ ხელმისაწვდომი გახდეს და  მიეწოდოს სამეცნიერო ბიბლიოთეკებს, უნივერსიტეტებს, მუზეუმებსა და  ამ სფეროთი დაინტერესებულ ყველა მსურველს.