შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით გამოცემული მონოგრაფიის პრეზენტაცია

 

24 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის #OTG-I-24-456  „ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კლიმატის ელემენტების მონაცემთა ბაზების შედგენა და კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული რისკების შეფასება თანამედროვე მეთოდების გამოყენებით“ ფარგლებში გამოცემული მონოგრაფიის პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი. ასევე, წარმომადგენლები საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიიდან და გარემოს ეროვნული სააგენტოდან.

დამსწრეთ კვლევის შედეგები გააცნო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ნანა ბოლაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ჩატარებული კვლევების შედეგად, ცხინვალის რეგიონში ფიქსირდება კლიმატის ცვლილება ჰაერის ტემპერატურის მატების და ატმოსფერული ნალექების კლების ტენდენციით. თუმცა, ტერიტორიის გარკვეულ, მცირე ნაწილზე, ადგილი აქვს ნალექების მატებას. ექსტრემალური ტემპერატურა გაიზარდა ბევრად უფრო მეტად, ვიდრე საშუალო ტემპერატურა. ტემპერატურის მატება უფრო თვალსაჩინოა რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც მაღალმთიანი რელიეფია. ქ.ცხინვალში ჰაერის საშუალო ტემპერატურამ 1957-2023 წწ პერიოდში  0,5°C-ით მოიმატა. ასევე იმატებს სითბური ტალღების (ექსტრემალურად ცხელ) დღეთა და ტროპიკულ ღამეთა რაოდენობა. შესაბამისად, მცირდება ყინვიანი დღეების და ღამის წაყინვების რაოდენობა.

ნალექების ინდექსები მიუთითებს,  ძირითადად, ნალექების შემცირებაზე, როგორც ნალექების რაოდენობის შემცირების, ასევე უნალექო პერიოდების ხანგრძლივობის ზრდის ხარჯზე.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ პროექტის შემსრულებლებმა უპასუხეს კითხვებს. დამსწრეებიდან აზრი გამოთქვეს: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, პროფ. რევაზ გაჩეჩილაძემ, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორმა მელორ ალფენიძემ, თსუ გეოფიზიკის ინსტიტურის დირექტორმა, ნოდარ ვარამაშვილმა,გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ავთანდილ ამირანაშვილმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, გეოგრაფიის მეცნ. დოქტორმა ლიანა ქართველიშვილმა, თსუ გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ - თამაზ ყარალაშვილმა, გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიორგი ლომინაძემ, და სხვ.

აღინიშნა, რომ კვლევის შედეგები ინოვაციურია, ვინაიდან ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეალური მდგომარეობის მოდელირებისა და ანალიზის საშუალებას იძლევა, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია  მთლიანად  ქვეყნისათვის.  პროექტის შედეგებით შესაძლებელი იქნება: შეფასდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კლიმატის ცვლილების ტრენდი; ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ შეიქმნას „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემა“, რაც ხელს შეუწყობს კლიმატური რისკების შემცირებას, პრევენციასა და მზადყოფნას. კვლევის შედეგები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მარტო კლიმატის ცვლილების გავლენის შესაფასებლად ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მოწყვლად სექტორებზე, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ჯანდაცვა, ენერგეტიკა და სხვ., არამედ საგანგებო სიტუაციებში კოორდინაციისათვის და სხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იქნება ამ ინფორმაციის განახლება და ცვლილებების შეტანა უკვე არსებულ შექმნილ გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემაში.