შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საერთაშორისო სიმპოზიუმი „ბიბლია სიტყვებსა და სახეებში“

 

საერთაშორისო სიმპოზიუმი „ბიბლია სიტყვებსა და სახეებში“ ინტერდისციპლინარული სამეცნიერო ფორუმი იყო, რომელმაც საინტერესოდ წარმოაჩინა ფილოლოგიისა და ხელოვნებათმცოდნეობის გადაკვეთის წერტილები და თემები, რომლებზეც ამ ორი დარგის წარმომადგენლებმა ერთობლივად შეიძლება იმუშაონ: გამოჩნდა, თუ როგორ კითხულობს ბიბლიის ტექსტს ხელნაწერის გადამწერი და ილუსტრატორი, მთარგმნელი და კედლის მხატვარი - რამდენად ახლოს მისდევენ ტექსტს და რამდენად ფართოა ინტერპრეტაციის საზღვრები.

სიმპოზიუმის სექციებიც, თავისთავად, მრავალპლანიანი იყო:

1. სექცია „ბიბლია სიტყვებში“ მოიცავდა მოხსენებებს, რომლებიც შეეხებოდა ბიბლიის სხვადასხვაენოვან ტექსტებს. სექციის მუშაობამ, ერთი მხრივ, წამოსწია „ბიბლიის ენა,“ როგორც ფენომენი, რომელიც საერთოა ყველა ენაზე დაწერილი ტექსტებისათვის. მეორე მხრივ კი აჩვენა სხვადასხვა ენის ინდივიდუალური შესაძლებლობები და ამ შესაძლებლობებიდან გამომდინარე მთარგმნელობითი საშუალებები წმინდა წერილის ნაციონალურ ენებზე შექმნისა. სიმპოზიუმის მნიშვნელოვან შედეგად შეიძლება ჩაითვალოს მრავალენოვან სინოპტიკური გამოცემის პროექტი. მისი ბაზა იქნება სამი სხვადასხვა ინსტიტუცია, რომელთაც კონფერენციის მონაწილეები წარმოადგენდნენ: თსუ-ს ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის ბიბლიის ფილოლოგიის მიმართულება და გეტინგენის მეცნიერებათა აკადემიის ორი პროექტი - ბერძნული ფსალმუნის გამოცემის პროექტი და კოპტური ბიბლიის პროექტი.

2. სექცია „ბიბლია სახეებში“ აერთიანებდა სხვადასხვა საკითხს -- ლიტურგიკულ-კალენდარულ პრაქტიკასთან დაკავშირებული მხატვრული ტრადიცია, ბიბლიური მოდელები იკონოგრაფიაში და ა.შ. ამ თემების წარდგენისა და განხილვის პროცესში, გამოიკვეთა საკითხთა რიგი, რომლებზეც ახლო მომავალში ერთობლივად იმუშავებენ სხავდასხვა ქვეყნის სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებების სპეციალისტები.

ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო გასვლითი სესია, რომლის დროსაც კონფერენცვიის მონაწილეები გაეცვნენ ძველი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ადგილზე გრძელდებოდა მსჯელობა წამოჭრილი საკითხების ირგვლივ.

სიმპოზიუმის ფარგლებში გამართულმა გამოფენამ „ბიბლიური სახეები ბიბლიის თანამედროვე ილუსტრატორის თვალით“, აჩვენა, თუ როგორ აისახება თანამედროვე ილუსტრატორის ხელოვნებაში ბიბლიის არამხოლოდ ტექსტი, არამედ ბიბლიური არქეოლოგიის ახალი აღმოჩენების შედეგად ნაპოვნი ხელნაწერები. გამოფენამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ბიბლია, როგორც შემოქმედებითი ინსპირაციის უშრეტი და მარადაქტუალური წყარო.

საგანგებოდ აღსანიშნავია საერთაშორისო სიმპოზიუმზე წარმოდგენილი ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების მონაწილეობით შესრულებული ორი პროექტი: „ბიბლიური ციტატები ძველ ქართულ ფრესკებზე“ და „ბიბლიის ფაუნის

ლექსიკონი“ რომლებიც მოიცავენ როგორც სახელოვნებათმცოდნეო, ისე ფილოლოგიურ კვლევებს. ამ მოხსენებებმა ეფექტურად წარმოაჩინეს ბიბლიური კვლევების პერსპექტივა საქართველოში.