„საქართველოს ეროვნული მუზეუმის დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული კვლევები“.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, 20 მაისს ეროვნული გალერეის ეზოში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია - „საქართველოს ეროვნული მუზეუმის დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული კვლევები“, რომელიც ეროვნული მუზეუმის გუნდის მიერ, 2019-2021 წლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. კოლექცია მოიცავს იტალიური, გერმანული, ჰოლანდიური, ფრანგული, ესპანური, ბელგიური, ავსტრიული და სხვა ევროპული სამხატვრო სკოლების ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკებისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს XIV საუკუნიდან XX საუკუნის დასაწყისის ჩათვლით. კვლევის შედეგები გამოიცა ორენოვანი პუბლიკაციის სახით - “საქართველოს ეროვნული მუზეუმის დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული კვლევები“. პუბლიკაცია გახლავთ პირველი სამეცნიერო გამოცემა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დასავლეთ ევროპის ქვეყნების ხელოვნების კოლექციის შესახებ და წარმოადგენს ბაზისს საქართველოში ევროპული ხელოვნების სამომავლო სამეცნიერო კვლევებისთვის. წიგნი მსოფლიოს 30-ზე მეტი მუზეუმის ბიბლიოთეკაში განთავსდება, ასევე, გავრცელდება ონლაინ პლატფორმებზე.