შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სემინარი პროექტის „საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის რეგიონების ადგილობრივი დუღილის საფუვრების ბიომრავალფეროვნება“ ფარგლებში

 

2025 წლის 18 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტზე გაიმართა სემინარი შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის - საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის რეგიონების ადგილობრივი უღილის საფუვრების ბიომრავალფეროვნება: კოლექციის შექმნა და მათი მეტაბოლური პოტენციალის შესწავლა სპეციფიკური მახასიათებლების მქონე რეგიონული ღვინოების ფორმირებისთვის”( FR-23-11803) ფარგლებში.

სემინარზე წარმოადგინეს  საგრანტო პროექტის მე-2 წლის ანგარიში, რომელიც ეხებოდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გავრცელებული ვაზის ენდემური ჯიშების ფილოსფეროდან და მცირე გლეხურ მეურნეობებში დამზადებული ღვინომასალებიდან და ღვინის ლექებიდან საფუვრების გამოყოფასა  და მათი თვისებების შესწავლას.

მომხსენებლები: ლია ამირანაშვილი (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი), თამუნა მოდებაძე (კოორდინატორი), გიორგი ანდიაშვილი და ლევან ელიაშვილი.

 ლია ამირანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია გრანტის შესახებ  - გრანტის ხანგრძლივობა, ბიუჯეტი, გრანტის მონაწილე ძირითადი და დამხმარე პერსონალი, ასევე გრანტის კონსულტანტი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტიდან კარლ ჰატცლერი და გრანტის მეგობარი ხუან ეზიგუარი, გრანტის მიზანი, მოკლედ მიმოიხილა პირველ წელს განხორციელებული ამოცანები. მან  დამსწრე საზოგადოებას აგრეთვე გააცნო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩატარებული ექსპედიციების შედეგები, ის ლოკაციები და ვაზის ჯიშები, რომლებისგანაც  მოხდა ყურძნის ნიმუშების აღება.

თამუნა მოდებაძემ და გიორგი ანდიაშვილმა ერთობლივად წარმოადგინეს გრანტის ფარგლებში მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტის ფრაიზინგის ვაინშტეფანის ლუდისა და საკვების ხარისხის ლაბორატორიაში მივლინების ანგარიში,  მათ მიერ MALDI TOF მასსპექტრომეტრიის მეთოდით ჩატარებული საფუვრების იდენტიფიკაციის შედეგები. მათ პრეზენტაციაში მიმოხილული იყო აგრეთვე სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან აღებული ნიმუშებიდან საფუვრების გამოყოფისა და მათი მორფო-ფიზიოლოგიური მახასიათებლების შესწავლის შედეგები.

ლევან ელიაშვილმა წარმოადგინა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან გამოყოფილი შერჩეული საფუვრების საფერმენტაციო არეში ქრომატოგრაფიული მეთოდით მიღებული ეთანოლის და სხვა სპირტების, სხვადასხვა ორგანული მჟავას ანალიზის შედეგები.

სემინარს ესწრებოდნენ საბაკალავრო პროგრამა „მევენახეობა და ენოლოგიის“  მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები, აგრარული ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლები, მოწვეული სტუმრები. გაიმართა დისკუსია წარმოდგენილი შედეგების ირგვლივ.