შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

,,ტაო-კლარჯეთის 2015 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშები’’ - პრეზენტაცია

24 მარტს 18:00 საათზე, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრში გაიმართა ,,ტაო-კლარჯეთის 2015 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშები’’ -ს პრეზენტაცია.

პროექტი -  ,,თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული მხარეების ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების კატალოგი’’ ხორციელდება ,,კავკასიის უნივერსიტეტი’’-სა და ,,საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრი’’-ს მიერ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2015 წელს ჩატარდა 5 ექსპედიცია (56 დღე) ისტორიული შავშეთისა და კლარჯეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე.  შესწავლილ იქნა ამ მხარეებში მდებარე 283 სოფელი, ნასოფლარი და მათი მიდამოები.

შედეგად, დაფიქსირდა აქ მდებარე წერილობითი წყაროებიდან ცნობილი კულტურის 116 ისტორიული ძეგლის თანამედროვე მდგომარეობა. გარდა ამისა, გამოვლინდა კულტურის 108 უცნობი ისტორიული ძეგლი, რომლებიც არ იყო მოხსენიებული ჩვენთვის ცნობილ წერილობით წყაროებში. მათ შორის: 48 ეკლესია (12 უცნობი), 47 ნაეკლესიარი (33 უცნობი), 66 ციხე და კოშკი (31 უცნობი), 24 ქვის თაღოვანი ხიდი (1 უცნობი), 32 სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა (მეგალითური, მიწისქვეშა, მღვიმის, საცხოვრებელი და სხვა, მათ შორის 24 უცნობი), უცნობი წარწერები - 1 ასომთავრული ქართული, 1 სომხური და 5 ახლადმიკვლეული ორნამენტიანი ქვა. პარალელურად დაფიქსირდა სომხური, ბერძნული, რუსული და თურქული კულტურის ცალკეული ძეგლების (ნაგებობები, წარწერები, ქვაზე კვეთილობები და სხვა) თანამედროვე მდგომარეობა.

2014 წელს ჩატარდა 9 ექსპედიცია (56 დღე) ისტორიულ არტანში, კოლაში, პალაკაციოში, ფოსოში, ერუშეთის,  ჯავახეთისა და სამცხის ნაწილში. შესწავლილ იქნა ამ მხარეებში მდებარე 314 სოფელი, ნასოფლარი და მათი მიდამოები. შედეგად, დაფიქსირდა აქ მდებარე წერილობითი წყაროებიდან ცნობილი კულტურის 119 ისტორიული ძეგლის თანამედროვე მდგომარეობა. გარდა ამისა, გამოვლინდა კულტურის 143 უცნობი ისტორიული ძეგლი, რომლებიც არ იყო მოხსენიებული ჩვენთვის ცნობილ წერილობით წყაროებში. (ხუციშვილი და სხვები, 2015).