წიგნის „მხატვრული ტექსტი ლიტერატურულ მიმდინარეობათა კონტექსტში“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში 19 ოქტომბერს შედგა ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, მაია ნაჭყებიას წიგნის - „მხატვრული ტექსტი ლიტერატურულ მიმდინარეობათა კონტექსტში“ პრეზენტაცია. წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში (№ SP-2-21-269). გამოცემა წარადგინეს: შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, პროფ. მაკა ელბაქიძემ, თეორიის და კომპარატივისტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა პროფ. გაგა ლომიძემ, თეორიის და კომპარატივისტიკის განყოფილების მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ირაკლი კენჭოშვილმა, რუსთველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარმა რედაქტორმა, პროფესორმა ივანე ამირხანაშვილმა; პროექტის კოორდინატორმა, ქართული ლიტერატურის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელმა პროფესორმა ეკა ჩიკვაიძემ. სიტყვით გამოვიდა ლიტერატურის ინსტიტუტის გალაკტიონოლოგიის ცენტრის თანამშრომელი, პროფესორი ლევან ბრეგაძე.
მაია ნაჭყებიამ საგანგებოდ აღნიშნა რუსთაველის ფონდის მიერ ახალი საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების პროგრამის უდიდეს მნიშვნელობას მეცნიერთათვის, პროექტის მოხერხებული სქემა, მისი მართვის სიმარტივე და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფონდს ამ შესაძლებლობისთვის. წიგნი, ძირითადად, ათწლიანი დაკვირვების, ფიქრისა და კვლევის ნაყოფია; რიგი თავები ამ ხნის განმავლობაში იბეჭდებოდა სამეცნიერო ჟურნალებსა და საერთაშორისო თუ ადგილობრივი კონფერენციების მასალებში; ზოგი სტატია კი პირველად გამოქვეყნდა. გამოცემა სხვადასხვა საინტერესო ასპექტით წამოჭრის და შეისწავლის ისეთ საჭირბოროტო და საკამათო საკითხს, როგორიცაა ბაროკო და ქართული ლიტერატურა.
მომხსენებლებმა აღნიშნეს მაკა ნაჭყებიას წიგნის სამეცნიერო მნიშვნელობა ქართული ლიტერატურის ისტორიისა და მისი შესწავლით დაინტერესებულ პირთათვის და გამოკვეთეს სიახლე, რომლითაც უდავოდ გამოირჩევა მონოგრაფია.