შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წიგნის „საქართველო: ტრავმა და ტრიუმფი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე“ პრეზენტაცია

 

  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო საგრანტო პროექტის ფარგლებში (FR-18-3459), 30 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კორპუსში,  გაიმართა წიგნის „საქართველო: ტრავმა და ტრიუმფი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე“ საჯარო პრეზენტაცია. ნაშრომის  ავტორები გახლავთ კულტურის კვლევათა სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორები ნინო ჩიქოვანი, ქეთვენ კაკიტელაშვილი, ივანე წერეთელი, ირაკლი ჩხაიძე და დოქტორანტი ქეთევან ეფაძე.  

კვლევის ძირითად მიმართულებებსა და მიღებულ შედეგებზე ისაუბრა პროექტის ხელმძღვანელმა, პროფ. ნინო ჩიქოვანმა. მან აღნიშნა, რომ მაისის დასაწყისში წიგნის განხილვა მოეწყო ბუდაპეშტსა და ვენაში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ისტორიისა და ნაციონალიზმის კვლევათა დეპარტამენტში, ხოლო ივლისის დასაწყისში დაგეგმილია დისკუსია გოტინგენის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტში.

წიგნის სამეცნიერო რედაქტორებმა, პროფ. მარინე ჩიტაშვილმა და პროფ. სოფო ზვიადაძემ დამსწრეებს გააცნეს მკვლევართა მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგიური სიახლეები, მრავალპერსპექტიული მიდგომა, ისაუბრეს ნაშრომის ფართო წყაროთმცოდნეობით ბაზაზე, აგრეთვე კვლევის შემდგომი გაფართოების პერსპექტივებზე. მათ აღნიშნეს, რომ ეს არის კოლექტიური მეხსიერებისა და კულტურული ტრავმის თეორიათა ჭრილში XX საუკუნის საქართველოს ისტორიის გარდამტეხი მოვლენების შესწავლა-გაანალიზების პირველი და წარმატებული ცდა.

ნაშრომის სამეცნიერო მნიშვნელობაზე, სხვადასხვა სასწავლო კურსში მისი გამოყენების შესაძლებლობებზე ისაუბრეს პროფესორებმა დიმიტრი შველიძემ, სალომე დუნდუამ, ჯონი კვიციანმა, ნაირა ბეპიევმა, ლელა აბდუშელიშვილმა.