საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი - ინესა მერაბიშვილი
ინესა მერაბიშვილი დაიბადა ქ. გორში 1950 წლის 5 მარტს. 1967 წელს დაამთავრა გორის 6-ე რუსული საშუალო სკოლა მედალზე, 1972 წელს - თსუ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი წითელ დიპლომზე. 1978 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და იქიდან მოყოლებული დღემდე არის ამ უნივერსიტეტის პედაგოგი. 1990 წელს თსუ ხელოვნების ფაკულტეტზე დააფუძნა თარგმანის განყოფილება, რომელიც შემდგომ განვითარდა თარგმანმცოდნეობის კათედრის ჩამოყალიბებაში სათანადო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით. 1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მან დააფუძნა საქართველოს ბაირონის საზოგადოება, როგორც ბაირონის საერთაშორისო ასოციაციის ნამდვილი წევრი და იქიდან მოყოლებული დღემდე არის მისი პრეზიდენტი. 1995 წელს ბაირონის საზოგადოების ბაზაზე შექმნა თბილისის ბაირონის სკოლა, როგორც ინგლისური ენისა და კულტურის შემსწავლელი დამატებითი სასწავლებელი, რომელსაც ხელმძღვანელობს იქიდან მოყოლებული დღემდე.
სადოქტორო დისერტაცია მან დაიცვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 2000 წლიდან მოყოლებული დღემდე არის ამ უნივერსიტეტის პროფესორი.
2018 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი.
გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, ოცი წიგნი და მონოგრაფია. მათ შორის: პოეტური თარგმანის ლინგვისტიკა, თბილისი, 2005; Encounter with Lord Byron, Tbilisi, 2014; Discover Galaktion, Galaktion Tabidze: A Selection of His Poems in a New Parallel Translation, Translated from Georgian by Innes Merabishvili, published by Critical, Cultural and Communications Press, London, 2017.
სისტემატურად გამოდის მოხსენებებითა და საჯარო ლექციებით საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მისი კვლევის სფეროა ლინგვისტიკა, თარგმანის თეორია, ლიტერატურა. თარგმნის ლორდ ბაირონს ქართულად და გალაკტიონ ტაბიძეს ინგლისურად, რომელიც უკვე ორჯერ გამოიცა დიდ ბრიტანეთში.
არის მრავალი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი.
1971 წელს მან შექმნა ოჯახი. ჰყავს ორი შვილი, ირაკლი გივიაშვილი და ირინე გივიაშვილი, და შვილიშვილები.