საქართველოს ეროვნული ნაკრების დიდი წარმატება მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დიდი წარმატებით იასპარეზა გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ბათში გამართულ მათემატიკის 65-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO 2024). საქართველოს ნაკრებმა გუნდმა 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ოქროს მედლის მფლობელი გახდა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით კლდიაშვილი, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N 42 საჯარო სკოლოს მოსწავლე რატი რატიანმა, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - გიორგი კეკენაძემ და მირზა შანიძემ, საპატიო სიგელით დაჯილდოვდა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა წულაია.
მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა და მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.
გუნდის ლიდერია გიორგი ჭელიძე, თანალიდერი - გივი ნადიბაიძე, ასისტენტი- გიორგი სვანაძე, დამხმარე პედაგოგი - ივანე გოქაძე.
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები მასშტაბურობითა და ხანგრძლივი გამოცდილებით გამოირჩევიან. მათი მიზანია სხვადასხვა დისციპლინაში მოსწავლეების ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.