შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროკავშირის Twinning პროექტის ,,ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ დასკვნითი ღონისძიება

 

 

 საქართველოში ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის‘‘ (TWINNING) დასკვნითი ღონისძიება – „ახალი დასაწყისი მეცნიერებასა და ბიზნესს შორის ინტერსექტორული  თანამშრომლობის შესაძლებლობებისთვის“  გაიმართა.

 

 3 - წლიანი პროექტი, რომლის ბიუჯეტი 1 300 000 ევროს შეადგენს, მიზნად ისახავდა საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე მუშაობას ინტერდისციპლინარული მიდგომის, კოლაბორაციული კვლევისა და მტკიცებულებებზე-დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებლად  საქართველო -  ევროკავშირის  ასოცირების შეთანხმების შესაბამისად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის შესაძლებლობების გასაძლიერებლად პროექტში ქართველ კოლეგებთან ერთად ჩართულნი იყვნენ ავსტრიელი, გერმანელი და ლატვიელი ექსპერტები.

 

რეგიონული და საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, პროექტის განმახორციელებელი გუნდი ერთობლივად მუშაობდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო  ფონდის მოქმედი პროგრამებისა და აქტივობების გასაუმჯობესებლად  ეროვნული პრიორიტეტებისა და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად. პროექტი ფოკუსირებული იყო სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგის დამყარებაზე.

ღონისძიების მონაწილეების წინაშე სიტყვით წარსდგნენ, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ერეკლე ასტახიშვილმა,    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა  კახა ხანდოლიშვილმა,  TWINNING-ის პროექტის ხელმძღვანელმა,   ავსტრიის კვლევითი ორგანიზაციის,   „Joanneum  კვლევის“ წარმომადგენელმა ვოლფგან პოლტმა,  პროექტის რეზიდენტმა  მრჩეველმა ინეს გავარანემ  და უმცროსმა ხელმძღვანელმა, გერმანიის პროექტების მართვის სააგენტოს (DLR)   წარმომადგენელმა,   კირსტენ კინზლერმა.

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ერეკლე ასტახიშვილმა  ყურადღება გაამახვილა  Twinning პროექტის მნიშვნელოვან მიღწევებზე. პროექტის მთავარი აქტივობები იყო:  რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსების  გადახედვა-განვითარება   ინტერ-სექტორული დიალოგის ხელშეწყობის გზით,  სტრატეგიული დოკუმენტების სრულყოფა, მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობის სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრა, ასევე,  მეცნიერების პოპულარიზაცია.

 

პროექტის ხელმძღვანელმა ავსტრიის კვლევითი ორგანიზაციის  „იოანეუმ კვლევიდან“, ვოლფგან პოლტმა ხაზი გაუსვა  სხვადასხვა  კომპეტენტური, დაინტერესებული  ორგანიზაციების მიერ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის  მნიშვნელობას   მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის მხარდასაჭერად. აღინიშნა, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობა,  ამოცანებისა  და პასუხისმგებლობის გადანაწილება ხელს უწყობს მეცნიერებისა და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას.

 

ამასთან, Twinning პროექტის რეზიდენტმა მრჩეველმა, ინეს გავარანემ  აღნიშნა, რომ პროექტის დასკვნითი ღონისძიება  საქართველოში ინტერსექტორული თანამშრომლობის ახალი ეტაპის  დასაწყისია.  საყოველთაოდაა ცნობილი, რომ  საქართველი პირველი ინოვაციების აკვანია. გამომდინარე აქედან, მას  შეუძლია გახდეს ერთ-ერთი ლიდერი ინოვაციების სფეროში, ბიზნესისა და მეცნიერების თანამშრომლობის ხელშეწყობითა და გამოყენებითი კვლევების პრიორიტეტული დარგების იდენტიფიცირების გზით.

შემაჯამებელ ცერემონიაზე ასევე გაიმართა პანელის დისკუსია – „შემდეგი ნაბიჯები რეკომენდაციების განხორციელებისკენ – ერთობლივი მუშაობა საქართველოს მდგრადობისა და კეთილდღეობისთვის‘‘. ამასთან, ჩატარდა პარალელური სესიები საქართველოში მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო პრიორიტეტების, მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობის, როგორც ეკონომიკის ზრდის მთავარი გამაძლიერებლის, სამეცნიერო მიმართულებით ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიისა და 2023-2025 წლების სამეცნიერო გეგმების შესახებ.

 

Twinning  პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოს (კვლევით   ორგანიზაცია  „იოანეუმ კვლევასთან“ პარტნიორობით), ავსტრიის  სამეცნიერო ფონდის, ავსტრიის კვლევების ხელშეწყობის  სააგენტოს,  გერმანიის DRL პროექტის მართვის სააგენტოსა და  ლატვიის 
დაუგავპილსის  უნივერსიტეტის მხარდაჭერით.