შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კვლევის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებისთვის

 

 შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს  - „საქპატენტს“, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ  სამსახურს -  „საქსტატს”, სსიპ „აწარმოე საქართველოში“  და   “შემოქმედებითი საქართველოს” შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის  ცერემონია გაიმართა.

 

 მემორანდუმი შემუშავდა  ევროკავშირის Twinning  პროექტის  „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობის მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ ფარგლებში, რომლის მიზანი  გახლდათ კვლევასა და ინდუსტრიას შორის კავშირების დამყარება-განმტკიცება  და    მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით მოქმედ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.

მემორანდუმის ხელმომწერი ორგანიზაციები აქტიურად ითანამშრომლომებენ საქართველოში კვლევის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ეკოსისტემის  განვითარებისთვის. მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნება პლატფორმა მეცნიერებისა და კვლევის სფეროს განვითარებისთვის, ასევე, კერძო სექტორისა და მეცნიერების სფეროს თანამშრომლობის  ხელშეწყობისთვის, ერთობლივი სტრატეგიების შემუშავებისთვის; მხარეები  განახორციელებენ აქტივობებსა და პროგრამებს ბიზნეს  სექტორისა და მეცნიერების სფეროს თანამშრომლობის  ხელშეწყობისათვის, წაახალისებენ და მხარს დაუჭერენ დაინტერესებულ ინსტიტუციებს, შეისწავლიან  და საქართველოს რეალობას შეუსაბამებენ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ამ თვალსაზრისით,  დასახავენ სამომავლო მიზნებს,  რეკომენდაციებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს   შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ერეკლე ასტახიშვილმა,  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს  თავმჯდომარემ,   ავთანდილ კასრაძემ,    საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-„საქპატენტის“ თავმჯდომარე  სოსო გიორგაძემ,   სსიპ-ის  „აწარმოე საქართველოში“ გენერალური დირექტორის მოადგილემ,  ირაკლი გაბრიაძემ, სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის -  „საქსტატის“ აღმასრულებელმა  დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ,   სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა,   ალექსანდრე გრიგალაშვილმა.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ საქართველოში მეცნიერების სფეროსა და  ბიზნესს შორის თანამშრომლობის  განვითარებას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, რაც, თავისთავად,  სასარგებლო იქნება, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე,  სამეცნიერო პროგრესისათვის.