მონოგრაფიის „კულტურული გადაკვეთები შოთა რუსთაველისა და ნიზამი განჯელის შემოქმედებაში“ პრეზენტაცია
29 იანვარს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში კემბრიჯის უნივერსიტეტის აკადემიური გამომცემლობის მიერ გამოცემული ინგლისურენოვანი მონოგრაფიის „კულტურული გადაკვეთები შოთა რუსთაველისა და ნიზამი განჯელის შემოქმედებაში“ პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული წიგნი პირველად შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული, ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის პროექტის ფარგლებში გამოიცა 2019 წელს. ახლახან, 2023 წელს კი წიგნით კემბრიჯის გამომცემლობა დაინტერესდა და რამდენადმე მოდიფიცირებული სახით გამოაქვეყნა ნაშრომი.
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა ღონისძიების მონაწილეებს პროექტის წარმატებით დასრულება და გამორჩეული სამეცნიერო პროდუქტის, მონოგრაფიის პრეზენტაცია მიულოცა, აღნიშნა, რომ მეცნიერების ინტერნაციონალიზაციას, საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავებას დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ყველა სამეცნიერო მიმართულებაში, მათ შორის, ლიტერატურის, კულტურის სფეროში; რუსთაველის ეროვნული ფონდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი სამეცნიერო პროექტების მხარდაჭერა, რომელთა უმთავრესი მიზანი ქართული მწერლობის, მის მიერ მსოფლიო ლიტერატურაში შეტანილი წვლილის საერთაშორისო ასპარეზზე სათანადოდ წარმოჩენა და კულტურათა შორის დიალოგის გაღრმავებაა, ქართული ლიტერატურის კვლევა-ანალიზი გლობალურ კონტექსტში.
ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, ირმა რატიანმა ისაუბრა ლიტერატურის ინსტიტუტისა და რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხანგრძლივ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, ლიტერატურის ინსტიტუტის ბოლოდროინდელ სამეცნიერო მიღწევებზე, განასაკუთრებით, მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ საერთაშორისო პროექტებზე, ნაშრომებზე, რომლითაც მსოფლიოს წამყანი აკადემიური გამოცემები დაინტერესდნენ; აღნიშნა ის ფაქტი, რომ რუსთაველის ფონდის 2023 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში ლიტერატურის ინსტიტუტის 4-მა პროექტმა გაიმარჯვა.
პროექტის ხელმძღვანელმა, ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა ივანე ამირხანაშვილმა და პროექტის მენეჯერმა, ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, პროფესორმა მაკა ელბაქიძემ საკითხის კვლევის ისტორიაზე, ნიზამი განჯელისა და შოთა რუსთაველის შემოქმედების ძირეულ პრობლემებზე, საერთო და განმასხვავეველ ფაქტორებზე, პროექტის მიზნებსა და სამეცნიერო ღირებულებაზე, სიახლეზე გაამახვილეს ყურადღება.
წიგნში „კულტურული გადაკვეთები შოთა რუსთაველისა და ნიზამი განჯელის შემოქმედებაში“ განხილულია ნიზამი განჯელისა და შოთა რუსთაველის შემოქმედების ძირეული პრობლემები, მათი თანხვედრის ტიპოლოგიური არსი, ასევე, ის ისტორიულ–კულტურული თუ ლიტერატურულ–ესთეტიკური ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს მათ შორის განსხვავებას.