სემინარი „ღია მეცნიერების როლი სამეცნიერო დიპლომატიის განვითარებაში“
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში სიმპოზიუმის „სამეცნიერო დიპლომატია მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა სემინარი „ღია მეცნიერების როლი სამეცნიერო დიპლომატიის განვითარებაში“. ლვოვის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ღია მეცნიერებისა და ინოვაციის ინსტიტუტის პრეზიდენტმა, კვლევების შეფასების განვითარების კოალიციის (CoARA) ეროვნული ოფისის თანათავმჯდომარე ალექსანდრე ბერეჟკომ წარადგინა პრეზენტაცია „ღია მეცნიერება და კვლევითი ეკოსისტემის ლანდშაფტის ცვლილება: პროაქტიულობის საჭიროება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. მან ისაუბრა ღია მეცნიერების მნიშვნელობასა და როლზე, ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის პოლიტიკის ახალ ხედვაზე, რომელიც ორიენტირებულია ღია ინოვაციაზე, ღია მეცნიერებასა და ღია მსოფლიოზე, ღია მეცნიერების სისტემის კლასიფიკაციაზე, სამეცნიერო ნაშრომების ანონიმური და ღია რეცენზირების კონცეფციებზე, ღია მეცნიერების დაგეგმვის ეტაპებსა და პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართვის მექანიზმებზე. დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა ხედვა, მოსაზრება სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებასთან, ციფრულ სამეცნიერო ბაზებსა და სხვადასხვა საგამომცემლო პლატფორმებზე წვდომის პრობლემურ საკითხებზე, მიაწოდა ინფორმაცია იმ საერთაშორისო პროექტების შესახებ , რომელშიც ლვოვის პოლიტექნიკური უნივერსიტეტია ჩართული, ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
ღონისძიების დასასრულს განხილული საკითხის გარშემო გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, დისკუსია საჯარო უწყებების, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენელთა მონაწილეობით.