შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შეხვედრა წამყვანი საერთაშორისო გამომცემლობა Elsevier-ის წარმომადგენლებთან

31 მაისს,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა შეხვედრა წამყვანი საერთაშორისო გამომცემლობა Elsevier-ის წარმომადგენლებთან. შეხვედრა  გახსნა განათლების და მეცნიერების სამინისტროს   შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა  დირექტორმა ჯაბა სამუშიამ, რომელმაც ისაუბრა გამომცემლობა Elsevier-თან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე,  სახელმწიფოს  დაფინანსებით, საქართველოში ავტორიზებულ სახელმწიფო და კერძო უმაღლესი  სასწავლებლებისა და სამეცნიერო - კვლევითი  ცენტრებისთვის   Elsevier-ის ბაზებზე  უფასოდ  წვდომის შესაძლებლობაზე,  რაც ხელს  უწყობს  საქართველოს მეცნიერების  განვითარებას,  საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას.

 Elsevier-ის დელეგაციის წევრებმა, რეგიონულმა მენეჯერებმა -   ჰელენა ფასზუსკამ, კატარზინა ფატარაკმა  და ვლადიმერ დანილოვმა  ჩაატარეს „ელსევიერის“  სამეცნიერო ბაზების მოხმარებასთან დაკავშირებული  პრეზენტაცია.

 ღონისძიებაში მონაწილეობდნენ   კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს როგორც სამეცნიერო ბაზების გამოყენების, ისე პუბლიკაციების გამოქვეყნების საკითხები.   სემინარის   მიზანია სამეცნიერო კვლევების ხარისხისა და შეფასების გაუმჯობესება, მათი საჯაროობის, ხილვადობის ზრდა, ფართო საზოგადოებისთვის სამეცნიერო ნაშრომებზე წვდომის შესაძლებლობის ხელშეწყობა.

გამომცემლობა Elsevier-ის წარმომადგენლებთან ასევე გაიმართა შეხვედრა რუსთაველის სამეცნიერო ფონდში. შეხვედრაზე განიხილეს  გამომცემლობასთან  უკვე არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. „ელსევიერი“ წარმოადგენს წამყვან ონლაინ საერთაშორისო გამომცემლობას, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას, სტატიებს, რეფერატებს, წიგნებს და ა.შ. რუსთაველის ფონდი საერთაშორისო გამომცემლობასთან რამდენიმე წელია თანამშრომლობს, 2019 წელს საქართველოს კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების რაოდენობა გახდა 55.