შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

Rustaveli-DAAD-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის შემაჯამებელი კონფერენცია

19 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ ორგანიზებული შემაჯამებელი კონფერენცია - „Rustaveli-DAAD-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა: პროექტების პრეზენტაცია“. შედგა პროგრამაში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია, გამოიფინა „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის 2019 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტების ამსახველი პოსტერები.
ღონისძიების გახსნაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მეგობრობის და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას:
“ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა მეცნიერების სფეროში უნიკალურია. ამ კუთხით ჩვენი მეცნიერებისთვის საუკეთესო შესაძლებლობებს ქმნის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ერთობლივი საგრანტო პროგრამა. გამარჯვებული საგრანტო პროექტები, რომელთა პრეზენტაციაც მოხდება, თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევიან.
რამდენიმე დღის წინ ჩვენ ერთად გამოვედით ინიციატივით, შეიქმნას საქართველოსა და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრი.. .ძალიან ნიშანდობლივია, რომ ამ კვლევათა შორის არაერთი ისეთი კვლევაა, რომლებიც პირდაპირ ეხმიანება საკოორდინაციო ცენტრის კონცეფციას: თემები, რომლებიც ეხება ქართველოლოგიას, კავკასიოლოგიას, ასირიოლოგიას და აშ. საქართველოსა და გერმანიის სამეცნიერო თანამშრომლობის ამ ფორმატით, ამ საგრანტო პროგრამის წარმატებული მუშაობით დასტურდება, თუ რამხელა ინტელექტუალური პოტენციალია ჩვენს ქვეყანაში საიმისოდ, რომ სწორედ საქართველოდან გავრცელდეს მთელ მსოფლიოში კომპეტენტური ცოდნა საქართველოსა და რეგიონის შესახებ”.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონიამ ისაუბრა საქართველო- გერმანიის განსაკუთრებულ ურთიერთონაზე, აღნიშნა, ჯერ კიდევ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების გარიჟრაჟზე DAAD-ი იყო პირველი ფონდი, რომელმც საქართველოში გახსნა ოფისი და დაიწყო სამეცნიერო კვლევების დაფინანსება; „რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და DAAD-ი უკვე მესამე წელია პარტნიორები ვართ და სამომავლოდაც დიდი გეგმები გვაქვს. ვამაყობთ, რომ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა - DAAD -თან შეთანხმებას და ასევე, ვართ პირველი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივცეში, რომელიც 2020 წლიდან დაიწყებს PPP პროექტს, სადაც მეცნიერების შეზღუდვა არ იქნება ასაკობრივი თვალსაზრისით, ეს იქნება დიდი შესაძლებლობა სამეცნიერო ინსტიტუციებისთვის გერმანულ მხარესთან ურთიერთობის გააქტიურების თვალსაზრისით. ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, რომ წელს, ერთობლივი პროგრამის ფარგლებში წარმატების ინდექსი შარშანდელს ბევრად აღემატება, კიდევ ერთხელ მიულოცა გამარჯვებულებს ეს დიდი წარმატება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა, რომ სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია სამეცნიერო მიმართულების ინტერნაციონალიზაცია, პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული აქ წარმოდგენილი პროექტები საუკეთესო მაგალითია მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის და ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერის, რომლებსაც ეძლევათ საშუალება, ახლოს გაეცნონ ტექნოლოგიებს, მეტი კონტაქტი ჰქონდეთ უცხოელ კოლეგებთან, აღნიშნა, რომ საპოსტერო კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები საინტერესო და აქტუალური თემატიკისაა, მისასალმებელია, რომ სტიპენდიების რაოდენობასთან ერთად ნაშრომების ხარისხიც იზრდება.. იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდა მეცნიერების ცოდნა და უნარ-ჩვევები ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას მოხმარდება.
გერმანიასა და საქართველოს, რუსთაველის სამეცნიერო ფონდსა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურს შორის მჭიდრო პარტნიორობაზე, სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს DAAD-is თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა გებჰარდ როილმა, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშემ, ბარბარა დე ჩაშელმა.
სასტიპენდიო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარებას, ახალგაზრდა მეცნიერების საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებას.