2023 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის შედეგები
2023 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსზე დარეგისტრირდა 103 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 100 პროექტი. შეფასების ეტაპზე გადასული პროექტების შეფასება განხორციელდა ევროპის სამეცნიერო ფონდის მიერ (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC) 3 ეტაპად, რაც გულისხმობდა:
1. თითოეული პროექტის პირველადი შეფასება ორი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ;
2. ახალგაზრდა მეცნიერის შეპასუხება პირველად შეფასებაზე (ე.წ. Rebuttal);
3. თითოეული პროექტის პანელური შეფასება ექსპერტთა ჯგუფების მიერ პირველადი შეფასებისა და ახალგაზრდა მეცნიერის შეპასუხების გათვალისწინებით.
ექსპერტთა ჯგუფების (პანელების) მიერ შემუშავებული საბოლოო შეფასების საფუძველზე რანჟირებული სიების შედგენა და გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა ფონდის გენერალური დირექტორის 2023 წლის 2 მარტის N21 ბრძანებით დამტკიცებული დანართი 12-ის ,,2023 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში მონაწილე პროექტებისთვის საბოლოო ქულის გამოთვლისა და დაფინანსების წესების’’ შესაბამისად. დასაფინანსებლად შეირჩა 31 პროექტი.
იხილეთ:
ფონდის გენერალური დირექტორის 2023 წლის 17 ნოემბრის N167 ბრძანება 2023 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში გამარჯვებული პროექტების და რანჟირებული სიების დამტკიცების შესახებ.
კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეუძლიათ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).
გამარჯვებული პროექტების ავტორებმა გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!