ELSEVIER-ის წარმომადგენლების ტრენინგი თემაზე: „საქართველოს სამეცნიერო შესაძლებლობების გაძლიერება - პირველი ნაბიჯი ევროპული თანამშრომლობის, კვლევის ხარისხისა და თანამედროვე სტანდარტებისკენ“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ციფრული სამეცნიერო გამომცემლობა ELSEVIER-ის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე: „საქართველოს სამეცნიერო შესაძლებლობების გაძლიერება: პირველი ნაბიჯი ევროპული თანამშრომლობის, კვლევის ხარისხისა და თანამედროვე სტანდარტებისკენ“.
ELSEVIER-ის მომხმარებელთა კონსულტანტმა და კვლევითი მონაცემების ანალიტიკოსმა, ბარტლომიე (ბარტეკ) ვიეკოვსკიმ, კვლევითი გადაწყვეტილებების ანგარიშების მენეჯერმა, ჯორჯია ნიკოლინმა და მომხმარებელთა წარმატების უზრუნველმყოფმა მენეჯერმა, ანტონ დეგტევმა ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: მეცნიერების ამჟამინდელი მდგომარეობა საქართველოში; კვლევითი სტრატეგიის შემუშავების საფუძვლები; ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აკადემიურ საქმიანობაში; შემთხვევათა ანალიზი (Case-study): როგორ მოვძებნოთ კვლევითი პარტნიორი ევროპაში და გავზარდოთ ქართული ინსტიტუტების საერთაშორისო ხილვადობა; ტრანსფორმაციული შეთანხმებები: სისტემის მომზადება მომავალი ეტაპისთვის.
ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორატისა და აკადემიური საბჭოების წარმომადგენლები, კვლევითი ცენტრების ხელმძღვანელები. ტრენინგი ინგლისურ ენაზე ჩატარდა.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და წამყვანი საერთაშორისო ციფრული სამეცნიერო გამომცემლობა ELSEVIER-ს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უზრუნველყოფს ღია წვდომას საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე კონსორციუმის წევრი 60 ორგანიზაციისთვის.
ფონდისა და ელსევიერის თანამშრომლობის ფარგლებში, ელსევიერის გუნდი სისტემატურად ატარებს სხვადასხვა თემატიკის ონლაინ ტრენინგებს, ვორქშოფებსა და ვებინარებს კონსორციუმის წევრი ორგანიზაციებისთვის. მსგავსი ტრენინგების ორგანიზება კვლავ გაგრძელდება მიმდინარე თანამშრომლობის ფორმატში.