შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„EURAXESS“- ში გაწევრიანება- ახალი ნაბიჯი ევროპის სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ.“

16 ივლისს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში  გაიმართა ღონისძიება - „EURAXESS“- ში გაწევრიანება- ახალი ნაბიჯი ევროპის სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ.“ პრეზენტაცია  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრმა  მიხეილ ბატიაშვილმა  და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა  დირექტორმა  ზვიად გაბისონიამ  წარადგინეს.

 განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრმა მიხეილ  ბატიაშვილმა განაცხადა, რომ  პრეზენტაცია   ორ   მნიშვნელოვან მოვლენას, ქართული მეცნიერების დიდ საერთაშორისო  წარმატებებს  ეძღვნება. საქართველომ მიიღო მოწვევა, გახდეს  ევროკავშირის ინოვაციებისა და მეცნიერების ორგანიზაციის EURAXESS-ის წევრი, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი  ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რაც ფაქტობრივად,  ქართული მეცნიერების  ევროკავშირის სივრცეში ინტეგრაციას ნიშნავს.  მინისტრმა მადლობა გადაუხადა რუსთაველის ფონდის გენერალურ დირექტორს,    ზვიად გაბისონიას  ამ მიმართულებით  გაწეული   ინტენსიური და მიზანმიმართული  მუშაობისთვის, ამ მნიშვნელოვან საქმეში  შეტანილი  დიდი   წვლილისთვის.  მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მოვლენა  ოფიციალურად   2019 წლის სექტემბერში, ქალაქ  ბრიუსელში გაფორმდება, როცა ხელი მოეწერება   Declaration of Commitment - მხარეთა მიერ მზაობის გამოხატვის დეკლარაციას და ხელშეკრულების.  „ასევე  საამაყო  ფაქტია, რომ  ქართველ მეცნიერებს  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო ბაზის Web of Science-ის მონაცემების მიხედვით,  ციტირების ყველაზე მაღალი ინდექსი  აქვთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, რაც  საქართველოს მეცნიერების დიდი  საერთაშორისო წარმატებაა“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  დირექტორმა  ზვიად გაბისონიამ EURAXESS -ის  - ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების  სახელმწიფოთაშორისი   ორგანიზაციის მნიშვნელობასა და მიზნებზე, იმ  დიდ შესაძლებლობებზე ისაუბრა,  რომელსაც  ამ  საერთაშორისო პროგრამაში  ჩართვა აძლევს ქვეყანას,  მის სამეცნიერო პოტენციალს.

 „ ჩვენ 2018 წლის  ოქტომბრიდან დავიწყეთ  პროექტზე მუშაობა  და მაქსიმალურად მოკლე დროში მივაღწიეთ მიზანს, ეს  ნაბიჯი  ახალი  ფართო შესაძლებლობები და  ახალი გამოწვევაა ქართული მეცნიერებისთვის, მისი განვითარებისა და მაღალევროპულ სტანდარტებზე ასაყვანად.  ევროკავშირის   პროგრამა EURAXESS-ში  გაერთიანების შედეგად, ქართველ მეცნიერებს   ექნებათ პირდაპირი წვდომა 15 000-ზე მეტ მსოფლიოს წამყვან  უნივერსიტეტთან, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან და კვლევებით დაინტერესებულ ბიზნესთან, მსოფლიოს 500-ზე მეტ საერთაშორისო და შიდა ეროვნულ სამეცნიერო ფონდების გრანტებთან,  კვლევებით დაინტერესებულ  ბიზნესთან, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.  ასე რომ,  შეიძლება ითქვას,  მეცნიერების სფეროშო ჩემპიონთა ლიგაში გადავედით...   რაც შეეხება ქართველი მეცნიერების იმ  მიღწევას, რომ  ისინი ლიდერები არიან    ციტირების   მაღალი ინდექსით  პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის   საერთაშორისო სამეცნიერო   ბაზის Web of Science-ის მიხედვით,  ეს განათლებისა და მეცნიერების სფეროში გატარებული სახელმწიფო პოლიტიკის, შედეგზე ორიენტირებული   ცვლილებების შედეგია;  აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული მეცნიერებისთვის ერთ-ერთი მოთხოვნა  მათ მიერ  მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში პუბლიკაციების გამოქვეყნებაა“- განაცხადა   ზვიად გაბისონიამ.