შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

 

ქალაქ კიშინევში, მოლდოვას რესპუბლიკაში აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური სამუშაო ჯგუფის მეხუთე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი კახა ხანდოლიშვილი, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი ერეკლე ასტახიშვილი, „ჰორიზონტი ევროპას“ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ინასარიძე.

ღონისძიებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა, მათ შორის, მკვლევარებმა, ინოვატორებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და კვლევითმა ორგანიზაციებმა განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის კვლევისა და ინოვაციების ყველაზე აქტუალური გამოწვევები 2020 წლის შემდგომ არსებული პრიორიტეტების მიმართულებით. ექსპერტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეეფასებინათ ქვეყნების პროგრესი Horizon Europe-ში მონაწილეობისა და ასევე, ეროვნული გეგმებისა და პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში კვლევისა და ინოვაციების რეფორმების მხარდასაჭერად. გამართულ ფორუმზე განხილული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინტეგრაცია ევროპის კვლევის ზონაში, სმარტ სპეციალიზაციის სტრატეგიები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ამავე ღონისძიების ფარგლებში, მოლდოვას რესპუბლიკის კვლევისა და განვითარების სააგენტოსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში.