შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ჯავახეთის ბაზალტს „მემკვიდრეობის ქვის“ საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა

ჯავახეთის ბაზალტმა გლობალური აღიარება მოიპოვა — გეოლოგიურ მეცნიერებათა საერთაშორისო კავშირმა (IUGS) მას „მემკვიდრეობის ქვის“ (Heritage Stone) საერთაშორისო სტატუსი მიანიჭა და შესაბამისი სერტიფიკატიც გადასცა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს გეოლოგიური მემკვიდრეობის საერთაშორისო წარმოჩენის პროცესში მნიშვნელოვან ეტაპად შეფასდა.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი საქართველოს გეოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მან მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქართველ მეცნიერებსა და მთლიან სამეცნიერო საზოგადოებას ჯავახეთის ბაზალტისათვის „მემკვიდრეობის ქვის“ სტატუსის მინიჭება მიულოცა.

ღონისძიებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

ჯავახეთის ბაზალტი პირველი ქვაა საქართველოდან და მთლიანად კავკასიის რეგიონიდან, რომელმაც აღნიშნული საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მისი „მემკვიდრეობის ქვის“ სტატუსით აღიარება მნიშვნელოვან სამეცნიერო მოვლენად შეფასდა, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო გეოლოგიური მემკვიდრეობის წარმოჩენაში.

აღიარებას საფუძვლად დაედო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერების მიერ განხორციელებული კვლევები. კვლევები შესრულდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში — „ჯავახეთის ვულკანური პროვინციის (სამხრეთ საქართველო) ლავური ნაკადების ვულკანური ფაციესების არქიტექტურისა და მათთან ასოცირებული ლავათშორისი ჰორიზონტების კვლევა“. მიღებულმა შედეგებმა ნათლად წარმოაჩინა ჯავახეთის ბაზალტის უნიკალური გეოლოგიური, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა, რაც მისი საერთაშორისო აღიარების ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად იქცა.

„მემკვიდრეობის ქვის“ საერთაშორისო სტატუსი ენიჭება ბუნებრივ სამშენებლო ქვას, რომელსაც განსაკუთრებული კულტურული, ისტორიული, არქიტექტურული და გეოლოგიური ღირებულება აქვს. აღნიშნული აღიარება მნიშვნელოვნად ზრდის ჯავახეთის ბაზალტის საერთაშორისო ცნობადობას და საქართველოს გეოლოგიური მემკვიდრეობის წარმოჩენას მსოფლიო სამეცნიერო სივრცეში.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან ქოქრაშვილი, თსუ-ის რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი თამარ წუწუნავა, მეცნიერები და მოწვეული სტუმრები.