ELSEVIER - ის სემინარი - Author Workshop
საქართველოს მეცნიერებისა და ინოვაციის ფესტივალის ფარგლებში, 2017 წლის 2 ოქტომბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ჩატარდა სემინარი (Author Workshop) საერთაშორისო სამეცნიერო ანალიტიკური კომპანიის, ELSEVIER-ის შესახებ. Elsevier ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი კომპანიაა სამეცნიერო, ტექნიკური და სამედიცინო ინფორმაციის მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებისა და ანალიტიკის მიმართულებით. 2014 წლის 28 მაისიდან, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და Elsevier B.V.-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოში რეგისტრირებული 22 ორგანიზაციისგან შემდგარ კონსორციუმს აქვს სრული წვდომა Elsevier B.V.-ის ბაზებზე: ScienceDirect® (2 000 ჟურნალი) და Scopus® (ციტირებისა და აბსტრაქტების უდიდესი ბაზა მსოფლიოში).
2 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სემინარის მომხსენებელმა, პროფესორმა ბეჟან ჭანკვეტაძემ, დამსწრე სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ELSEVIER-ის სამეცნიერო გამოცემებისა და ჟურნალების შესახებ და ისაუბრა სამეცნიერო ჟურნალში სტატიის გამოქვეყნების მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე. ბატონმა ბეჟანმა, როგორც Elsevier-ში გამოცემული ერთ-ერთი ჟურნალის, „Journal of Pharmaceutical and Biomedical Analysis”- ის რედაქტორმა, დამსწრეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და მისცა რჩევები მაღალი ხარისხის სამეცნიერო სტატიის Elsevier-ის საერთაშორისო, რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნების შანსის გაზრდასთან დაკავშირებით.