შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან –  კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, განათლებისა და კვლევების დაახლოება, კვლევების ინტეგრირება სწავლის პროცესში; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით; მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება  მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად;  მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა (მაგისტრანტთა და დოქტორანტთა), ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის;  სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას, დაეხმარება  მოსწავლეს, გაიაზროს ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობა, რაც გაზრდის მის დაინტერესებას მეცნიერებისადმი.

 კონკურსში პროექტების შემოტანა შესაძლებელია შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:        

  1. მათემატიკა;
  2. ინფორმატიკა;
  3. ფიზიკა;
  4. ქიმია;
  5. სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
  6. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები;
  7. ეკოლოგია;
  8. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  9. აგრარული მეცნიერებანი.

კონკურსში პროექტის შეტანა შეუძლია საჯარო სკოლას/სკოლებს.

 პროექტის შემომტანთა შორის საჯარო სკოლასთან ერთად შესაძლებელია იყოს კერძო სკოლაც, რაც შესაძლებლობას აძლევს მას კვლევაში ჩართოს თავისი მოსწავლეები. ამასთანავე, პროექტში მონაწილე კერძო სკოლა ვერ იქნება სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღები და ვერ მიიღებს მონაწილეობას როგორც გრანტის თანხების, ასევე მის ფარგლებში შეძენილი ქონების განაწილებაში.

საჯარო სკოლის მხრიდან პროექტის ხელმძღვანელი უნდა იყოს საჯარო სკოლის VIII – XII კლასებში მომუშავე მოქმედი მასწავლებელი. მას შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენა.

პროექტში მონაწილე მეცნიერი უნდა იყოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალი, რომელიც კვლევის პროცესში სამეცნიერო კონსულტაციას უწევს პროექტის ხელმძღვანელს, პროექტის ასისტენტსა და მოსწავლეებს;

 პროექტში უნდა მონაწილეობდეს პროექტის ასისტენტი, რომელიც ეხმარება პროექტის ხელმძღვანელსა და მეცნიერს პროექტის განხორციელებაში. იგი უნდა იყოს დოქტორანტი ან მაგისტრანტი საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე და პროექტის შემოტანისას აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი;

პროექტის ხელმძღვანელის, მეცნიერის და პროექტის ასისტენტის ჩართულობა პროექტში აუცილებელი პირობაა.

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები უნდა ითვალისწინებდეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა აქტიური  მონაწილეობით კონკრეტული სამეცნიერო საკითხის/პრობლემის კვლევას; კვლევაში ჩართული მოსწავლეები უნდა სწავლობდნენ VIII, IX, X, XI ან/და XII კლასებში.

პროექტში დაგეგმილი კვლევის ხანგრძლივობა უნდა იყოს 24 სამუშაო კვირა, რომელიც არ უნდა მოიცავდეს სასკოლო არდადეგებს.

პროექტის განხორციელებამ ხელი არ უნდა შეუშალოს სკოლაში მიმდინარე  სასწავლო პროცესს.

პროექტში უნდა აღინიშნოს კვლევაში მონაწილე მოსწავლეთა სავარაუდო კონტინგენტი და რაოდენობა. პროექტში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა იყოს 12 მოსწავლეზე ნაკლები.

პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 12 000 ლარს. შესაძლებელია, პროექტი ითვალისწინებდეს თანადაფინანსებას მონაწილე სუბიექტების ან სხვა იურიდიული პირების მიერ.

კონკურსში რეგისტრაცია ხორციელდება 2 ეტაპად.

კონკურსით მოთხოვნილი საკონკურსო დოკუმენტაცია დასკანირებული PDF ფორმატის სახით   უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად,  ფონდის ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: scr@rustaveli.org.ge 2019 წლის 02 აპრილის  16:00 სთ-მდე;

განცხადება „მეცნიერება იწყება სკოლიდან –  კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ კონკურსში მონაწილეობის შესახებ“  ამობეჭდილი და ხელმოწერილი წარმოდგენილი უნდა იქნას ფონდის კანცელარიაში 2019 წლის 05 აპრილის  16:00 სთ-მდე.

ვადის დარღვევის ან/და არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი  მოიხსნება კონკურსიდან.

 

 

ჯგუფური კონსულტაციები გაიმართება სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში. (მისამართი-ალექსიძის ქ.#1 მე-3 სართული).

  • 2019 წლის07 თებერვალი 16:00 სთ;
  • 2019 წლის 22 თებერვალი, 16:00 სთ;
  • 2019 წლის 14 მარტი 16:00 სთ;

 

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:  

მაკა ქაჯაია, ელ.ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge,   ტელ. 2200220(4409)

ეკატერინე მიქაუტაძე  ელ.ფოსტა:  emikautadze@rustaveli.org.ge