შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ფონდის მიერ დაფინანსებული სამი პროექტი იყენებს „გრენა“-ს Cloud ინფრასტრუქტურას

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“-ს შორის 2019 წლის აგვისტოში გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, ფონდის მიერ დაფინანსებული სამი პროექტი იყენებს „გრენა“-ს Cloud ინფრასტრუქტურას.

პროექტები ეძღვნება ამინდის პროგნოზირებას და კლიმატის ცვლილების კვლევას, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ქვეყნების ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, ენერგეტიკაზე, წყალმომარაგებასა და სხვა სფეროებზე:  საქართველოს ტერიტორიაზე კლიმატის მახასიათებელ ზოგიერთ ელემენტთა ცვლილების შესწავლა საპროგნოზო რეგიონალურ მოდელთა ანსამბლის საფუძველზე; კლიმატის ცვლილების პროგნოზირებული ზემოქმედების შეფასება საქარველოში ძალიან მაღალი გარჩევადობის კლიმატური მოდელის გამოყენებით;  ამინდის ზემოკლევადიანი და მოკლევადიანი პროგნოზირება საქართველოს პირობებისათვის. ამ პროექტებს ახორციელებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს და გეომეცნიერებების და ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის მკვლევარები ასოციაცია „გრენა“-სთან მჭიდრო თანამშრომლობით.

პროექტის მთავარი მიზნებია: მაღალი გარჩევისუნარიანობის რეგიონული კლიმატური ანსამბლის საპროგნოზო სისტემის ჩამოყალიბება უფრო დეტალური კლიმატური პარამეტრების მისაღებად ტემპერატურა, ნალექები, ქარი და ტენიანობა. მოდელირება განხორციელდა 1961-2100 წლების პერიოდისთვის.

• ამინდის ზემოკლევადიანი პროგნოზირების სისტემის შექმნა, რომელიც დაფუძნებულია სხვადასხვა ტიპის მეტეოროლოგიური დაკვირვებების მონაცემებზე ატმოსფერული პროცესების უკეთ გაგების და შესაბამისად ამინდის უფრო ზუსტი პროგნოზირების მიზნით.

• ექსტრემალური ატმოსფერული მოვლენების პროგნოზირება (სეტყვა, ძლიერი წვიმები და შტორმები) მაღალი სიზუსტით.

აღნიშნული კვლევის შედეგები გამოყენებული იქნა მომავლის კლიმატის შეფასებისთვის გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიმართ საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინების მომზადებისას, რომელზე დაყრდნობითაც შეფასებული იქნა კლიმატის ცვლილების გავლენა სხვადასხვა ეკოსისტემებზე (მყინვარები, საძოვრები, ნიადაგები) და სექტორებზე (სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ენერგეტიკა, ტურიზმი), ასევე, ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური სტიქიური პროცესების დინამიკაზე.