,,გადაწერაზე დაფუძნებული გამოყენების კონტროლი“
2018 წლის 20 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ,,გადაწერაზე დაფუძნებული გამოყენების კონტროლი“ კვლევის შედეგების პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და პროფესორები.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა წვდომის კონტროლი უსაფრთხო კომპიუტერული სისტემების აგების ცენტრალური საკითხი. რომელიც განსაზღვრულია, როგორც გარკვეული სუბიექტისთვის გარკვეულ ობიექტზე წვდომის ნებართვის მიცემის ან არმიცემის უნარი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შესაბამის კომპიუტერულ რესურსთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რესურსის მთლიანობა და ავტორიზებული სუბიექტებისთვის მისი მისაწვდომობა. გამოყენების კონტროლი ამ პრობლემისადმი ახალი, თანამედროვე მიდგომაა, რომელიც მართავს წვდომას ღია, ჰეტროგენულ ქსელებთან დაკავშირებულ კომპიუტერულ გარემოში. პროექტის მიზანი იყო გამოყენების კონტროლისთვის ისეთი ფორმალური სტრუქტურის შემოთავაზება, რომელსაც შეეძლებოდა გამოყენების კონტროლის მთავარი მოდელების ადეკვატური ფორმალიზაცია და შესაფერისი იქნებოდა მათი ანალიზისა და ვერიფიკაციისთვის. ამისათვის ავირჩიეთ გადაწერის თეორია, კონკრეტულად, ρLog აღრიცხვა, რომელიც აფართოებს ლოგიკურ პროგრამებს მათში პირობებიანი, სტრატეგიებით მართული გადაწერის წესების დაშვებით, შევადარეთ იგი გადაწერის ცნობილ ფორმალიზმებს და ვაჩვენეთ კავშირი კონტროლის მოთხოვნებს და გადაწერის თვისებებს შორის. გარდა ამისა, ერთ-ერთი ასეთი თვისება, კონფლუენტურობა, დეტალურად შევისწავლეთ თარგთა აღრიცხვის ვარიანტისთვის, რომელიც აზოგადებს გადაწერის ჩვენთვის საჭირო ფორმალიზმებს.
პრეზენტაციაზე წარდგენილ იქნა გრანტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები. შემუშავებული ρLog აღრიცხვის მოდელები და სხვა მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ლოგიკური დაშვებების შედეგები. ასევე, კონფლუენტურობის დეტალური ანალიზი და მისი როლი გადაწერის ფორმალიზებაში.