შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

იმუნოლოგიისა და კორონავირუსის საკითხებზე საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს

 

მსოფლიოს ცნობილი მეცნიერების (ამერიკის შეერთებული შტატების, იტალიის, გერმანიის, ესპანეთისა  და სხვა ქვეყნების წარმომადგენლების) მონაწილეობით თბილისში ალერგიული დაავადებების, კორონავირუსის, COVID 19-ის პრევენციის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე ოთხდღიანი კონგრესი მიმდინარეობს.

მსგავსი მასშტაბის ღონისძიება საქართველოში პირველად იმართება და მოიცავს როგორც პლენარულ სესიებს, ასევე ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმებს, სემინარებს, ონლაინ და ვიდეო ლექციებს. კონგრესის პროგრამა მოიცავს ასევე სესიებს ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიასთან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ალერგოლოგიის, ასთმის და კლინიკური იმუნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია რამდენიმე ღონისძიებას მართავს: ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის საქართველოს XI  ეროვნულ კონგრესს; ასთმისა და ფქოდის VII ევროპული კონგრესს და I საერთაშორისო კონგრესს “კორონავირუსული ინფექცია (COVID-19): პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია”.

კონგრესის ფარგლებში მიმდინარეობს სკოლა/კონფერენცია "მოლეკულური ალერგოლოგია და ვაქცინაცია", რომელიც ალერგიის, ფქოდისა და  ზოგადად, იმუნოლოგიის სფეროში მიმდინარე თანამედროვე პროცესებს განიხილავს. ღონისძიებების ძირითად თემას კი წარმოადგენს კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) დიაგნოსტიკის, პრევენციის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის საკითხები.  

კონგრესი ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობს. სპიკერები სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოადგენენ იმუნოლოგიური საზოგადოებების საერთაშორისო კავშირს (IUIS), ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციას (WAO), ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ევროპის აკადემიას (EAACI), იმუნოპათოლოგიის მსოფლიო ასოციაციას (WIPO), ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის ამერიკის კოლეჯს (ACAAI), იმუნოლოგიურ საზოგადოებათა ევროპის ფედერაციას (EFIS).