შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ინფორმაცია კლარივაიტის შესახებ - წვდომა „Web of Science”-ის კოლექციაზე

2017 წლის 1 დეკემბერს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა „საქპატენტმა“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა: სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სსიპ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას LLC “Clarivate”-თან, რომლის ფარგლებში ხელმომწერ ინსტიტუციებს და ასევე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 8 დეკემბრიდან ექნებათ წვდომა „Web of Science”-ის კოლექციაზე, სადაც ინდექსირებულია 16 000 წამყვანი სამეცნიერო ჟურნალი მეცნიერების ყველა სფეროში -  ტექნიკური მეცნიერების, მედიცინისა და სოციალური მეცნიერების, ჰუმანიტარული და სახელოვნებო მეცნიერების მიმართულებით. ბაზაში არსებული თითოეული ჩანაწერისთვის დათვლილია ასევე ციტირების რაოდენობა, რაც საუკეთესო ინდიკატორია სტატიის გავლენის, მნიშვნელობის და კვლევის გავლენის (იმპაქტის) შესაფასებლად. „Web of Science“-ზე წვდომა საშუალებას მისცემს საქართველოში მოღვაწე მეცნიერებს განახორციელონ მათ სფეროში არსებული მნიშვნელოვანი ნაშრომების თემატური ძებნა, ვინაიდან ხდება თითოეული ავტორის ინდექსაცია, მოძებნონ საუკეთესო კოლაბორანტი ერთობილი კვლევისთვის და მაღალი გავლენის (იმპაქტის) მქონე ჟურნალი თავიანთი კვლევის გამოსაქვეყნებლად. „Web of Science“-ის გამოყენებით უნივერსიტეტების ადმინისტრაციას შესაძლებლობა ექნებათ ჩამოაყალიბონ სამეცნიერო განვითარების სტრატეგია.

ხელშეკრულების ფარგლებში სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“ ექნებათ წვდომა ასევეDerwent World Patent Index-ზე, რომელიც არის უნიკალური საპატენტო ბაზა და მოიცავს პატენტის სახელწოდებებს, აბსტრაქტებს, მფლობელის შესახებ ინფორმაციას და ექსპერტების მიერ განხორციელებულ კლასიფიკაციას, 90 %-იანი ძებნის შედეგების რელევანტურობით.