კონფერენცია „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება“
24-25 ივნისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, დისტანციური ფორმატით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება“.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის პრობლების აქტუალობასა და სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე, კონფერენციის მიზნებზე ისაუბრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ჯაბა სამუშიამ, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ, სხვა გამომსვლელებმა. შესავალ სიტყვაში გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორმა, თამარ ბელაშვილმა ყურადღება გაამახვილა სამეცნიერო პროექტის მნიშვნელობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საფრთხის წინაშე მდგომი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმების საერთაშორისო სამართლებლივ კონტექსტში გაანალიზების აუცილებლობაზე.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ჯაბა სამუშიამ, აღნიშნა, რომ ეს კონფერენცია არა მხოლოდ თავისი მნიშვნელობით არის გამორჩეული, არამედ სამეცნიერო-კვლევითი თვალსაზრისითაც; მან ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის, რომლის ფარგლებშიც ეს კონფერენცია ტარდება, სახელმწიფოებრივ-ეროვნულ მნიშვნელობაზე - კონკურსის შედეგად გამოიცა მნიშვნელოვანი ორენოვანი მონოგრაფიები, იმართება საერთაშორისო კონფერენციები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე, ოკუპირებულ და საზღვრისპირა რეგიონების კვლევაზე ორიენტურებული სამეცნიერო პროექტების მხარდაჭერა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ერთ-ერთ პრიორიტეტად განუსაზღვრა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს.