კონფერენცია - „პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში“
2018 წლის 28 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „პლატონის ფილოსოფია ინტერდისციპლინურ კონტექსტში“, რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ და მიძღვნა პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავს. პლატონის ფილოსოფიისადმი მიძღვნილი სპეციალიზებული საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში პირველად იმართება.
კონფერენციის უშუალო ორგანიზატორია თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი. კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კონფერენციაში მონაწილეობს 60-ზე მეტი როგორც საყოველთაოდ ცნობილი, ისე ახალგაზრდა მომხსნებელი 4 კონტინენტიდან, მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან, რომელთაგან 40 უცხოელია. მათ შორის არიან პლატონისტთა საერთაშორისო ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრები, მრჩევლები, აღნიშნული ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტები და მომავალი, უკვე არჩეული პრეზიდენტი.
კერძოდ, კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები: აშშ, კანადა, ბრაზილია, ინგლისი, ირლანდია, გერმანია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, რუსეთი, თურქეთი, ინდოეთი, ჰონგ კონგი, იაპონია, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი. კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს სტუდენტური სექციაც.
კონფერენციის პარალელურად გაიმართა : გია ბუღაძის პერსონალური გამოფენა: ფილოსოფია და მხატვრობა: „ბიბლიოდრამა ანამორფოსის“; ფოტოგამოფენა „პლატონის დიალოგები სცენაზე“; ვიდეოჩვენება „პლატონის დიალოგები სცენაზე“; წიგნების გამოფენა: „პლატონი ქართულად“.