შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კონკურსის ,,ლეონარდო და ვინჩის’’ გამარჯვებულები შემეცნებითი ტურის ფარგლებში CERN-ში იმყოფებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ,,ლეონარდო და ვინჩის’’ გამარჯვებულები შემეცნებითი ტურის ფარგლებში ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში  (CERN)   იმყოფებიან.

კონკურსის ,,ლეონარდო და ვინჩის’’ 2019 წლის გრან პრის მფლობელები – როსტომ ნიორაძე, ქეთი აფციაური და 2021 წლის გრან პრის მფლობელები – დემეტრე საზონოვი, სანდრო ლორთქიფანიძე, ჯგუფის ხელმძღვანელი - ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ფიზიკის პედაგოგი ქეთი ტატიშვილი პირადად შეხვდნენ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს. მათ შორის, აშშ-ის აიოვას უნივერსიტეტის უფროს მეცნიერს, CERN-ის CMS ექსპერიმენტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელს, ალექსი მესტვირიშვილსა და CERN-ის ATLAS-ის ექსპერიმენტის ფიზიკოსს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, ალექსი ღონღაძეს. გამარჯვებული მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში მეცნიერთა საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია მიმდინარე მნიშვნელოვანი ექსპერიმენტების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა გამომგონებლებმა CERN-ში წარადგინეს პრეზენტაციები თავიანთი გამოგონებებისა და ინოვაციური პროექტების შესახებ,  რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

ნორჩ გამომგონებელთა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ რუსთაველის ფონდის პოპულარული კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია მოსწავლე ახალგაზრდებს შორის, მათში ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ ინტერესის გაღვივება. კონკურსი ღია კონკურენციის პრინციპით ავლენს და ახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს აძლევს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობენ საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასების მოსწავლეები.