შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019-ის“ დახურვის საზეიმო ცერემონია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რუხის ციხის ტერიტორიაზე, „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019-ის“ დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ზაალ ქორთუამ, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
ფესტივალის დახურვის ცერემონიის ფარგლებში, რუხის ციხის ტერიტორიაზე ზუგდიდის სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა, რომელიც საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული: უმაღლესმა სასწავლებლებმა წარმოადგინეს სამეცნიერო პროექტები, ლაბორატორიული ცდები, სტუდენტების მიერ დამზადებული სხვადასხვა მოწყობილობა და ნაკეთობა. პიკნიკზე მისულ მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად მიეღოთ მონაწილეობა დაზიანებული წიგნის, ფურცლისა და ყდის რესტავრაციაში.
გარდა ამისა, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საზღვრის სიახლოვეს, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის, აგრეთვე, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით აფხაზეთის და სამაჩაბლოს ისტორიული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტო გამოფენა მოეწყო.
ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია პოპულარული ბენდის “New One” კონცერტით დასრულდა.
„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019-ის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა: სამეცნიერო პიკნიკები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, გამოფენები, პრეზენტაციები, სამეცნიერო-პოპულარული ექსპერიმენტები, პერფორმანსი, სამეცნიერო შოუ, ვიქტორინები, სპეციალური ღონისძიებები სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვა.
თელავში, ქუთაისში, ბათუმში, თბილისსა და ზუგდიდში გრანდიოზული სამეცნიერო პიკნიკები გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, ცენტრები, საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია, სამეცნიერო სფეროს ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები.
2019 წელს ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.