მიწათსარგებლობის ანალიზი დისტანციური ზონდირებისა და გის-ის გამოყენებით შედეგების პრეზენტაცია
20 მაისს შედგა დისტანციური შეხვედრა გორის 12-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტის-გორის მუნიციპალიტეტში, მიწათსარგებლობის ანალიზი დისტანციური ზონდირებისა და გის-ის გამოყენებით, შედგების პრეზენტაცია. პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამცენიერო ფონდის მიერ, მეცნიერება იწყება სკოლიდან-კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით საგრანტო კონკურსის ფარგლებში. მოსწავლეების, პედაგოგების და პროექტში ჩართული მეცნიერის გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი-ზვიად გაბისონია, kartli.ge-ს წარმომადგენელი საბა წიწიკაშვილი. ბატონმა ზვიადმა არაერთი საინტერესო მოსაზრება გამოთქვა, პირველ რიგში აღნიშნა, რომ ფონდი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, სადაც მოსწავლეები იქნებიან აქტიურად ჩართული, აგრეთვე აღნიშნა რეგიონული უნივერსიტეტების მნიშვნელობაზე და იმაზე თუ რამდენად აუცილებელია მათ თავიანთი ნიშა ჰქონდეთ, მაგალითად ყურადღება გაამახვილა გორის სასწავლო უნივერსიტეტზე და ისაუბრა მათ წარმატებებზე კონფლიქტების კვლევაში.ზვიად გაბისონიამ ხაზგასმით აღნიშნა რომ ფონდისთვის პრიორიტეტულია საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერა სკოლებში მსგავსი პროექტების წახალისებით, ასევე აღნიშნა, რომ ასეთი აქტივობები სამომავლოდ ბევრი მოსწავლის პროფესიულ არჩევანზე მოახდენს დიდ გავლენას.
რაც შეეხება პროექტს, მის ფარგლებში მოსწავლეებს პირველად ჰქონდათ შეხება დისტანციური ზონდირების პრაქტიკულ გამოყენებასთან. პროექტი გარკვეულწილად ინტერდისციპლინური ხასიათის იყო, რადგან სწორედ დისტანციური ზონდირების შემთხვევაში იკვეთება ფიზიკა და გეოგრაფია ყველაზე უკეთ. პროექტს ხელმძღვანელობდა ფიზიკის პედაგოგი, ხოლო სამეცნიერო კონსულტანტი-გეოგრაფი, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევარი გახლდათ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დამატებითი თეორიული ცოდნის გარდა, მიიღეს საველე სამუშაოების განხორციელების გამოცდილებაც.
გამოითქვა არაერთი საინტერესო მოსაზრება სკოლაში მეცნიერების წახალისებასთან დაკავშირებით. ჟურნალისტების მხრიდან პროექტს დიდი ინტერესი მოჰყვა და გაჩნდა იდეაც, რომ აღნიშნულ საკითხზე სტატიაც მომზადდეს.