შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულების დაჯილდოება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მოსწავლეებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა, მათ წარმატებები უსურვა და სპეციალური პრიზები, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ თეიმურაზ დოჭვირთან ერთად, გადასცა.

2023 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტები სპეციალურად დაკომპლექტებულმა საკონკურსო კომისიამ გამოავლინა: გრანპრით დაჯილდოვდნენ პროექტის „რეგულირებადი ფოკალური სიგრძის მქონე ბიუჯეტური რეფლექტური ტელესკოპი“ ავტორები – ირაკლი ვეშაპელი, საბა კუტიბაშვილი, ანასტასია კიკალია.

პირველი ადგილი დაიკავა პროექტმა „ტვინით მართვადი დრონი“, რომლის ავტორებიც გახლავთ ნიკა ყუფარაძე, კონსტანტინე გოტიაშვილი, მარიამ პერანიძე.

მეორე ადგილზე გავიდა პროექტი „ადგილობრივი ნედლეულიდან არანიუტონისებრი თიხის მიღება და გამოყენება“. ავტორები – ანასტასია დეკანოსიძე, მარიამ ლომინაშვილი, ნიკოლოზ ბურდული.

მესამე ადგილი დაიმსახურა პროექტმა „ფუტკრის შხამის მიღების პროცესის მართვისა და კონტროლის სისტემა“, რომლის ავტორები არიან – ნინო გურეშიძე, ზურაბ რეზესიძე, სანდრო ჩიქოვანი.

დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები, სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები. გრანპრით დაჯილდოებული პროექტის ავტორები 10 000 ლარის მფლობელები გახდნენ, პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორებს - 5 000 ლარი, მეორე ადგილზე გასული პროექტის ავტორებს - 3000 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასული პროექტის შემქმნელებს - 2000 ლარი გადაეცათ.

კონკურსის წარმატებული მონაწილეები ასევე დაჯილდოვდნენ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“, მთაწმინდის პარკის, სულაკაურის გამომცემლობისა და საქართველოს ქიმიკოსთა ასოციაციის სპეციალური პრიზებით.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ რუსთაველის ფონდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული პროექტია, რომელსაც ფონდი სამინისტროს ხელშეწყობით 2011 წლიდან ახორციელებს.