შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტის „რუსთველოლოგია ციფრულ ეპოქაში: „ვეფხისტყაოსნის" ქართულ-აფხაზური პარალელური კორპუსი’’ პრეზენტაცია გაიმართა

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, მანანა თანდაშვილმა პროექტის „რუსთველოლოგია ციფრულ ეპოქაში: „ვეფხისტყაოსნის" ქართულ-აფხაზური პარალელური კორპუსი’’ პრეზენტაცია გამართა.

სტუმრებს რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორი, თეიმურაზ დოჭვირი მიესალმა, მან ისაუბრა ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიოლოგიის დეპარტამენტის ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების მიერ ქართველოლოგიის განვითარებაში, საქართველოს, ქართული კულტურის, ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილ უდიდეს წვლილზე, რომლებიც ათეულწლებია მაღალი პროფესიონალიზმითა და ერთგულებით ემსახურებიან ამ საქმეს. განსაკუთრებით აღინიშნა მათი წვლილი რუსთველოლოგიის განვითარების, „ვეფხისტყაოსნის“ კვლევა-ძიების მიმართულებით, რომელიც დღემდე ამოუწურავია საგანძურია მეცნიერების ყველა დარგისთვის, საქართველოს სავიზიტო ბარათია საერთაშორისო ასპარეზზე.

ღონისძიების მონაწილეებს ქალბატონო მანანა თანდაშვილი, ქართული სამეცნიერო დიასპორის გამორჩეული წარმომადგენელი, ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიოლოგიის დეპარტამენტისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის კაბინეტის ხელმძღვანელი, ფრანკფურტის ქართული ლიტერატურის სალონის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, რუსთაველის ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან გაბიტაშვილმა წარუდგინა, ყურადღება გაამახვილა მეცნიერის მრავალმხრივ საქმიანობაზე, მის მიერ განხორციელებელ მასშტაბურ სამეცნიერო პროექტებზე, მათ შორის, პროექტზე „რუსთაველი ციფრულ ეპოქაში“, ასევე, მის მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან.

მანანა თანდაშვილი აუდიტორიას ესაუბრა რუსთაველის ფონდის 2022 წლის სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის „ვეფხისტყაოსნის" აფხაზური თარგმანების ციფრული კორპუსი“ მიზნებსა და სამეცნიერო სიახლეზე, ქართულ-აფხაზური ციფრული კორპუსის შექმნისა და პოემის ტექსტის ქართულსა და აფხაზურ ენებზე სტრუქტურულ დამუშავების მნიშვნელობაზე, რის შედეგადაც, როგორც ლინგვისტებს, ისე მომიჯნავე დარგის წარმომადგენლებს, ექნებათ საშუალება, კვლევის თანამედროვე, ციფრული მეთოდების გამოყენებით იკვლიონ პოემა, რაც, თავის მხრივ, ახალ პერსპექტივებს გაუხსნის საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებათა ციფრულ, დიგიტალურ კვლევებს; პარალელური კორპუსის შექმნით, ასევე, პირველად გახდა შესაძლებელი სისტემურად და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ქართული კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლის - შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ - სხვა ენებზე ტრანსლაციის ადეკვატურობის საკითხის კვლევა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული ინტელექტუალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციას მსოფლიო მასშტაბით.

სამეცნიერო პროექტის პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ პროექტის ხელმძღვანელი, ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლეილა ავიძბა, დოქტორანტი გიორგი ჯღარკავა.