პროფესორ მარია მაკაროვის შეხვედრა საქართველოს სამეცნიერო ცენტრებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან
ევროკომისიის მიერ დანერგილი ინსტიტუციური განვითარების ინსტრუმენტის მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს ეწვია ფინეთის ბიოცენტრის (Biocenter Finland) დირექტორი, ფინეთის აკადემიის, ფინეთის კვლევის საბჭოს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი მარია მაკაროვი. ვიზიტის ფარგლებში, პროფ. მაკაროვი გაეცნო მეცნიერების სფეროში საქართველოში არსებულ ვითარებას, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროგრამებისა და საგრანტო კონკურსების ადმინისტრირებას და რამდენიმე ნაწილისაგან შემდგარი საექსპერტო მისიის შედეგად, მოამზადებს რეკომენდაციებს მეცნიერების მართვის გაუმჯობესებისათვის.
არსებული კვლევითი-სამეცნიერო გარემოსა და პოტენციალის უკეთ გაცნობის მიზნით, 11 იანვარს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ჩატარდა საინფორმაციო - გაცნობითი შეხვედრა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით.