შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კონფერენციას „საქართველოს სრული ჩართულობა პროგრამაში Horizon Europe“ უმასპინძლა

17-18 მარტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია „ევროკავშირი-საქართველო – საქართველოს სრული ჩართულობა პროგრამაში Horizon Europe“ გაიმართა. კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა, მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

კონფერენციაში ასევე მიიღო მონაწილეობა ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის ევროკომისარმა მარია გაბრიელმა. ევროკომისარმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების პროცესში. კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმა ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა ევროკომისიის, საქართველოს შესაბამისი უწყებებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს Horizon Europe-ის პროგრამაში საქართველოს ასოცირების შესაძლებლობების, პროგრამის სტრუქტურის, მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმისა და  Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის სტრატეგიული გეგმებისა და პერსპექტივების შესახებ. ასევე განიხილეს მარი სკლოდოვსკა-კიურის, ევროპის კვლევების საბჭოს (ERC), ევროპის ინოვაციების საბჭოსა (EIC) და COST-ის აქტივობებში მონაწილეობის კარგი შესაძლებლობები.

კონფერენციის გახსნაზე სიტყვით ასევე წარდგნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე სინე რაცო და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე.

კონფერენციის ინტერაქციული სესიის ფარგლებში, წარმატებული ოთხი პროექტის მონაწილეებმა საქართველოდან, კონფერენციის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს. 

სესიის „მარი სკლადოვსკა კიურის აქტივობები (MSCA) და ევროპის კვლევითი საბჭო -კვლევითი კარიერის ხელშეწყობა”  ერთ-ერთი მომხსენებელი გახლდათ შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის სამსახურის სპეციალისტი ეკატერინე მიქაუტაძე, რომელიც წარსდგა მოხსენებით  „წარმატების ისტორია და გამოცდილების გაზიარება მარი სკლადოვსკა კიურის პროექტების  ფარგლებში“.

ქართველი მკვლევრებისთვის კონფერენციის მეორე დღეს  ჩატარდა ვორკშოპი თემაზე: „საპროექტო განაცხადის ბიუჯეტის მომზადება და ფინანსური ანგარიშგება“, რომელსაც  ევროკავშირის ექსპერტი,  მატიას ვურჩი უძღვებოდა.

 

კონფერენციის ორგანიზებისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შერჩევა სიმბოლური ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს  საქართველოს მისწრაფებას, უნივერსიტეტი იქცეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრად. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი მოვლენაა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის წევრი გახდა და საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი დაფუძნდა.