შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსები - ახალი ხედვა, მიზნები და სამომავლო პრიორიტეტები“

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ შოთა რუსთაველის  საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის   ორგანიზებით გაიმართება  რუსთაველის სამეცნიერო  ფონდის  საქმიანობის მიზნებისა და  პრიორიტეტებისადმი  მიძღვნილი ღონისძიება:  „რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსები  - ახალი ხედვა,  მიზნები   და  სამომავლო  პრიორიტეტები“.  

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ   საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  მინისტრი გივი მიქანაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, შოთა რუსთაველის  საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია წარადგენს პრეზენტაციას 2023-26 წლებში, რუსთაველის ფონდის ბიუჯეტის პერმანენტული   ზრდის პარალელურად,  მის  მიერ  ადმინისტრირებული კონკურსებისა და საერთაშორისი   პროგრამების, დაფინანსებული პროექტებისა და   2026 წელს დაგეგმილი  სიახლეების - ახალი სამეცნიერო  საგრანტო კონკურსების    შესახებ.

მიმდინარე წელს პირველად გამოცხადდება    სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი, ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი, საზღვარგარეთ არსებული ქართველოლოგიური ცენტრების მხარდაჭერისა და განვითარების სამეცნიერო საგრანტო კონკურსი, რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსი და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი. უკვე გამოცხადდა მიმდინარე  წლის ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი.

ზვიად გაბისონია ისაუბრებს აღნიშნული სახელმწიფო საგრანტო კონკურსების სახელმწიფოებრივი  მნიშვნელობისა  და მიზნების, პრიორიტეტების,  საკონკურსო პირობების  და  პროექტების  შეფასების მექანიზმის შესახებ. ასევე, ყურადღება გამახვილდება  რუსთაველის ფონდის   ორმხრივ  და მრავალმხრივ  საერთაშორისო პროგრამებზე,  სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთაშორისო  ორგანიზაციებთან  ურთიერთობის გააქტიურების, სხვა პრიორიტეტული   პროექტების,   მიღწეული შედეგებისა და   ორგანიზაციის სამომავლო გეგმების   შესახებ.

ღონისძიების დასასრულს, სამინისტროსა და ფონდის წარმომადგენლები უპასუხებენ დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს, გაეცნობიან სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლების თვალსაზრისსა და წინადადებებს  წარმოდგენილ  საკითხებზე.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების,  კვლევითი ინსტიტუტების, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები, ხელმძღვანელები.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული   სამეცნიერო ფონდის საქმიანობის  მიზანია საქართველოს  სამეცნიერო საზოგადოების კვლევითი პოტენციალის გაძლიერება  და ამით მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა   ქვეყნის  მდგრად   სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობის ამაღლებაში, საქართველოს  მსოფლიოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში  დამკვიდრების ხელშეწყობა.