საერთაშორისო ფორუმი - ,,ტრანსფორმაციული განათლების პერსპექტივები”
2019 წლის, 15 თებერვალს, საგანმანათლებლო ცენტრ PR აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო ფორუმი - ,,ტრანსფორმაციული განათლების პერსპექტივები”. ღონისძიება ყოველწლიურად გაიმართება და თემატურად გამოეხმაურება მეცნიერებისა და განათლების უახლეს გამოწვევებს. მისი მიზანია, შექმნას განათლებისა და შრომის ბაზრის ურთიერთქმედების ახალი შესაძლებლობები; ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ტრანსფერული, სამუშაო გარემოსთან ადაპტირებული თვითრეალიზაციის უნარების განვითარებას. აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი - ზვიად გაბისონია, რომელმაც განათლების რეფორმის ფარგლებში, მეცნიერების განვითარების ხედვა წარადგინა. ფონდის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები; ის ახალი პროექტები და ინიციატივები, რომელთა განხორციელება ეროვნული ფონდის მიერ იგეგმება 2019 წელს. მან ასევე პოლონეთის კრეატიული მენეჯმენტის ფონდის, ვიამოდას უნივერსიტეტის და ვარშავის მენეჯმენტ სკოლის ხელმძღვანელებთან ისაუბრა საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივი სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე და გამოთქვა იმედი, რომ ორი ქვეყნის სამეცნიერო ფონდებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი.