შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები - ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია

2018 წლის 26 აპრილს, 18:00  საქართველოს ეროვნულ მუზეუმში  აღმოსავლური ხელოვნების (ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია)  ნიმუშთა  მრავალფეროვანი კოლექციები გამოიფინა. გამოფენა მოეწყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის შორეული აღმოსავლეთისა და ინდოეთის კულტურის ძეგლები -საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები ფარგლებში. (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი ნათია დემურიშვილი).

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული, მეტად მდიდარი და მრავალფეროვანი აღმოსავლური კოლექციები მუდმივი კვლევისა და შესწავლის საგანია, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დახმარებით, კვლევებმა უფრო მასშტაბური ხასიათი  შეიძინა: 2015 -2018 წლებში, ფონდის დახმარებით, განხორციელდა ინდური, ჩინური და იაპონური  ექსპონატების სრული და ხელახალი აღნუსხვა, ფოტოფიქსაცია, დაცულობის მდგომარეობის განსაზღვრა, საარქივო მასალის მოკვლევა-დამუშავება და სხვ.; გამოიცა მონოგრაფია „საქართველო და აღმოსავლური სამყარო (ინდოეთი და შორეული აღმოსავლეთი)“,რომლის პრეზენტაცია გაიმართა გამოფენის გახსნის პარალელურად. აღნიშნულ მონოგრაფიაში თავი მოიყარა ჩინეთის, იაპონიის, ინდოეთის ისტორიისა და ხელოვნების მკვლევართა შრომებმა. ეს შრომები შეეხება  საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულ უცნობ კოლექციებს, ასევე ინდოეთისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ, კულტურულსა და რელიგიურ-ფილოსოფიურ საკითხებს.

პროექტის ფარგლებში მომზადდა  ორენოვანი (ქართულ - ინგლისური) ვებგვერდიც (www.orientalart.ge), შეიქმნა კომპიუტერულ მონაცემთა ბაზა, რომელიც დაეხმარება  ნებისმიერ მსურველს ინფორმაციის მიღებაში სამუზეუმო კოლექციების შესახებ და სხვ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გრანტით გათვალისწინებული სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები, რამაც მრავალ დაზიანებულ ექსპონატს ახალი სიცოცხლე შესძინა. ეს ექსპონატები, ისევე როგორც შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებისა და ინდური კოლექციების ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშები - გამოიფინა დამთვალიერებლისათვის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ვრცელ დარბაზებში.

გამოფენა 4 თვეს გაგრძელდება.