შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სამეცნიერო შედეგების პრეზენტაცია - „ბუნებრივი ცეოლითები ჩამდინარე წყლების ანტიბიოტიკებისაგან გაწმენდის ადსორბციულ პროცესში“

 6 დეკემბერს ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პ. მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში ჩატარდა პრეზენტაცია ფუნდამენტური კვლევების კონკურსის  გრანტის   „ბუნებრივი  ცეოლითები ჩამდინარე წყლების ანტიბიოტიკებისაგან გაწმენდის  ადსორბციულ პროცესში“   შედეგებზე. 

   ლექცია -  სემინარს ესწრებოდნენ ინსტიტუტის ადმინისტრაცია: დირექტორი – ქეთევან ებრალიძე, სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი – ვლადიმერ ციციშვილი, ინსტიტუტის სწავლული მდივანი – მანანა ბურჯანაძე, ფიზიკურ–ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლები და გრანტის ძირითადი პერსონალი. პრეზენტაცია წარმოადგინა გრანტის ძირითადმა პერსონალმა ნინო ფირცხალავამ. 

 მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პროექტით გათვალისწინებული ყველა დასახული ამოცანა შესრულებულია. პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგების საფუძველზე შემუშავდა ჩამდინარე წყლების ანტიბიოტიკებისაგან გაწმენდის ლაბორატორიული ეფექტური ადსორბციული მეთოდი და მიღებულ იქნა სორბენტები. გამოკვლეული ცეოლითური მასალები საშუალებას იძლევა მოგვარდეს ანტიბიოტიკების გარემოში მოხვედრის პრობლემა ნაკლები დანახარჯებით, რაც ანტიბიოტიკური რეზიზსტენტობის დაძლევის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება და მნიშვნელოვანია გარემოს დაბინძურების პრევენციისათვის. პროექტის ფარგლებში განხორციელებულ კვლევაში შემუშავებული იქნა  ახალი კომპლექსური მიდგომა, კერძოდ  ბუნებრივი მასალებისა და მათი მოდიფიცირებული ფორმების საფუძველზე ეფექტური სორბენტების შექმნა და მათი სორბციული უნარის შესწავლა ანალიზის ადსორბციული და ქრომატოგრაფიული მეთოდების გამოყენებით. პროექტის შედეგად შემუშავებული მეთოდოლოგია და მიდგომები მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით საერთაშორისო ასპარეზზე კვლევების განვითარებისთვის და მათი სამრეწველო მიზნებით გამოყენების თვალსაზრისით. პროექტის ფარგლებში ათვისებული იქნა სამკურნალწამლო პრეპარატების თანამედროვე ანალიზის  მიდგომები, ახალი ანალიზური ტექნიკა  სტანდარტები და ტექნოლოგიები. აღსანიშნავია  რომ პროექტის ფარგლებში მოხდა ადსორბციული, ქრომატოგრაფიული, ქიმიური,  სპექტული და რენტგენოფაზური ანალიზის მიმართულებით მომუშავე მაღალკვალიფიციური მკვლევრების  სამეცნიერო ჯგუფების კონსოლიდაცია, რომელსაც კიდევ ბევრი სხვა ინოვაციური კვლევის განხორციელების  შესაძლებლობა  გააჩნია.

    სიტყვით გამოვიდნენ: აკადემიკოსი ვლადიმერ ციციშვილი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი  გიორგი წინწკალაძე, ქიმიის მეცნიერებათა  დოქტორი  ნანული დოლაბერიძე, ინსტიტუტის დირექტორი, ქიმიის მეცნიერებათა  დოქტორი ქეთევან ებრალიძე.  აღინიშნა, რომ პროექტი ჩატარებულია მაღალ მეცნიერულ დონეზე და  შემუშავებულ მეთოდიკას შეუძლია ჰპოვოს პრაქტიკული გამოყენებაც გარემოს დაცვის სფეროში.