შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

,,სანაპირო არეებში ტალღურ მოძრაობათა გაანგარიშების გამოყენებითი ანალიზური მეთოდები“

2018 წლის 1 მაისს  საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის I კორპუსის №222 აუდიტორიაში   ჩატარდა სამეცნიერო გრანტ   №FR/35/9-120/14  ,,სანაპირო არეებში ტალღურ მოძრაობათა გაანგარიშების გამოყენებითი ანალიზური მეთოდები“  საბოლოო  შედეგების  პრეზენტაცია. მოხსენებით გამოვიდა საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი,  ემერიტუს-პროფესორი შალვა გაგოშიძე.

პროექტის ფარგლებში შემუშავებულია  ზღვის სანაპირო არეებსა და სამდინარო ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში წყლის პერიოდულ ტალღურ მოძრაობათა ისეთი ჰიდროდინამიკური თეორია,  რომელიც   გამოირჩევა   მაღალი სიზუსტით და ამავე დროს, ადვილი მისაწვდომია   მისი შედეგების პრაქტიკაში გამოყენების  თვალსაზრისით.

თეორია ეფუძნება ტალღური ჰიდროდინამიკის სამგანზომილებიანი განტოლებების ამოსახსნელად კანტოროვიჩის პირდაპირი და ვენტცელ-კრამერს-ბრიულენის ასიმპტოტური WKB  მეთოდების გამოყენებას.  ამ ევოლუციური გზით გამოყვანილია  ნებისმიერი კუთხით დახრილ სანაპირო  ფერდობებზე ზღვის ტალღების რეფრაქციისა და ტრანსფორმაცის  საანგარიშო დამოკიდებულებები, ჩაწერილი ცილინდრულ საკოორდინატო სისტემებში,  რომლებიც საშუალებას იძლევა მარტივად  ვიანგარიშოთ ტალღურ მოძრაობათა პარამეტრები  და სიჩქარეთა სამგანზომილებიანი ველი   წყლის მიერ დაკავებული სივრცის ნებისმიერ წერტილში.  ამავე დროს, ტალღურ მოძრაობათა ჰიდროდინამიკაში პირველადაა   მათემატიკურად გამოკვლეული ციცაბოდ და უარყოფითად დახრილ სანაპირო ფერდობებთან ტალღების რეფრაქციისას ე.წ. „პოტენციალური ორმოების“ წარმოქმნის პირობები, სადაც ტალღები განიცდიან წყვეტას და ფაზათა  წანაცვლებას. გარდა ამისა, საგრანტო ნაშრომში გამოკვლეულია ნაპირგასწვრივი ტალღური მოძრაობის თავისებურებები შევიწროებად აკვატორიებში;  ტრაპეციული და სამკუთხა კვეთის არხებში,   მათი სანაპირო ფერდობების ნებისმიერად დახრის შემთხვევაში;  ტალღურ მოძრაობათა მდგრადობის პირობები წრიული კვეთის უდაწნეო წყალსატარებში.  

განსაკუთრებით აღსანიშნავია წყლის თანაბარ და არათანაბარ დინებებზე ზედდებული გრძელი ტალღების განტოლებების  გაწრფივების პროცედურისადმი სრულიად ახლებური  მიდგომის საფუძველზე მიღებული შედეგები, რომელთა თანახმად დინების საწინააღმდეგოდ მიმართული გრძელი ტალღის ბლოკირება (შეჩერება) და ჰიდრავლიკური ნახტომ - ტალღის წარმოქმნა  ხდება იმ შემთხვევაში, თუ ნაკადის ფრუდის რიცხვი  აჭარბებს 2/3-ს და არა 1-ს, - როგორც ეს ადრე იყო მიჩნეული, ხოლო დინების მიმართულებით ტალღური შეშფოთებები ყოველთვის გადაადგილდებიან რღვეული,  ე.წ. ბორის ტიპის ფენა-ფენა ტალღების სახით - თუ ნაკადის ფრუდის რიცხვი იცვლება 1,33 სა და 2-ს შორის, და  განიცდის სრულ რღვევას, ანუ იშლება სხვა და სხვა ზომის ცალკეულ შხეფად - თუ  ფრუდის რიცხვი აჭარბებს 2-ს.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საგრანტო ნაშრომში მღებული ყველა ზოგადი თეორიული შედეგი სრულ შესაბამისობაშია არსებულ ნატურულ დაკვირვებებთან და აგრეთვე ცალკეულად არსებულ კერძო მათემატიკურ ამოხსნებთან.

პროექტის საინჟინრო ასპექტები მოიცავს ზღვებისა და წყალსაცავების სანაპირო არეების გარემოს დაცვას;  ჰიდროტექნიკურ  და ჰიდროენერგეტიკულ მშენებლობას ზღვის ნაპირებსა მდინარეთა შესართავ აკვატორიებში; ზღვისპირა დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების დაპროექტებას და ა.შ. 

დამსწრეებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს აზრი. აღინიშნა, რომ გაწეული კვლევები  იმსახურებს მაღალ შეფასებას.

საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები მოხსენებულ იქნა ხუთ  საერთაშორისო დარგობრივ კონფერენციაზე და რეცენზირებად ჟურნალებში  გამოქვეყნდა  ექვსი სტატია.