შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველო-ოქსფორდის ყოველწლიური ფორუმის ინაუგურაცია

10 ივნისს დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში გაიმართა საქართველო-ოქსფორდის ყოველწლიური ფორუმის საინაუგურაციო ღონისძიება „საქართველო ევროპასა  და მთელ მსოფლიოში“,  რომელიც ორგანიზებული იყო  საქართველოს საელჩოს მიერ დიდი ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ოქსფორდის უნივერსიტეტის გლობალური და ტერიტორიული კვლევების სკოლასთან (OSGA) და შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით. ყოველწლიური ფორუმის მიზანია ოქსფორდის უნივერსიტეტის ეკოსისტემაში ღირებული თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა, სხვადასხვა დისციპლინებში ჩართულობის უზრუნველყოფისა და იდეების ფართო გაცვლის გზით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიდ ბრიტანეთში, საქართველოსა  და მის ფარგლებს გარეთ. ფორუმი  იქნება დინამიური პლატფორმა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის  გაერთიანებულ სამეფოს  შორის პარტნიორობის, ურთიერთთანამშრომლობის გასაძლიერებლად  მიმართული ახალი ინიციატივებისთვის.  ღონისძიებაში  რუსთაველის ეროვნული  სამეცნიერო ფონდის მხრიდან  დისტანციურ რეჟიმში მონაწილეობდა   ფონდის   გენერალური დირექტორის მოადგილე,  პროფესორი ერეკლე ასტახიშვილი, რომელმაც  სიტყვით მიმართა   პანელის „განათლება, ინფორმაცია და საქართველო-ოქსფორდის უნივერსიტეტის პარტნიორობა“ მონაწილეებს. პანელში მონაწილეობდნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის  გლობალური და  ტერიტორიული კვლევების სკოლის პროფესორები კრისტოფერ გერი, დენ ჰეილი,  ამავე სკოლის დოქტორანტი მეგი ქარცივაძე,  ნატოსა  და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარ წულეისკირი,  ოქსფორდის უნივერსიტეტის როიტერის ინსტიტუტის წარმომადგენელი სალა ნაზარენკო.

 ოქსფორდის უნივერსიტეტის გლობალური და ტერიტორიული კვლევების სკოლა  მულტიდისციპლინური მიდგომით აერთიანებს საქართველოს შესახებ ცოდნასა და გამოცდილებას  და ხელს უწყობს აკადემიურ საქმიანობას სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში;  აღნიშნული პანელის მონაწილეებმა  განიხილეს,  თუ რა ბერკეტები უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და საქართველოს მეტი  პოპულარიზაციისთვის დიდ ბრიტანეთში.