შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს ეროვნული ნაკრების დიდი წარმატება ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა წარმატებით იასპარეზეს ფიზიკის (IPhO 2022) 52-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც წელს დისტანციურად გაიმართა შვეიცარიაში. ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები გუნდი 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.
ოქროს მედლის მფლობელი გახდა ირაკლი უგულავა- ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე; ვერცხლის მედალი მოიპოვეს ამავე სკოლის მოსწავლე დაჩი ჭოტაშვილმა და ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე გრიგოლ ცირეკიძემ; მესამე ადგილზე გავიდნენ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეები გიორგი ჩხიკვაძე და ანდრია მანჯავიძე. ფიზიკა-მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა და მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.
გუნდის თანალიდერები არიან რამაზ ხომერიკი და გრიგოლ ფერაძე, ასისტენტი- გიორგი ბახტაძე, პედაგოგი - გიორგი ძაძამია. საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გადასული მოსწავლეებით დაკომპლექტდა. მათ დამატებითი ორი შესარჩევი ტური გაიარეს, ნაკრებისა და რეზერვის შემადგენლობა კი, ორივე ტურში დაგროვილი ქულების ჯამის მიხედვით განისაზღვრა. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები გამოირჩევიან მასშტაბურობით და ხანგრძლივი გამოცდილებით. მათი მიზანია სხვადასხვა დისციპლინაში მოსწავლეების ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.