საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე
საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს მათემეტიკის (IMO 2023) 64-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც წელს იაპონიაში გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებმა 1 ოქროსა და 4 ბრინჯაოს მედალი, ასევე, ერთი საპატიო სიგელი მოიპოვეს. ოქროს მედლის მფლობელი გახდა კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით კლდიაშვილი, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თორნიკე ბერიამ, გურამ მაჭარაშვილმა, თამარ ფეიქრიშვილმა და ალექსანდრე კორკოტაშვილმა. საპატიო სიგელით დაჯილდოვდა ამავე სკოლის მოსწავლე ივანე ყულჯანიშვილი.
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა და მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.
გუნდის ლიდერია გიორგი ჭელიძე, თანალიდერი - გივი ნადიბაიძე და ასისტენტი გიორგი სვანაძე.
საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გადასული მოსწავლეებით დაკომპლექტდა. მათ დამატებითი ორი შესარჩევი ტური გაიარეს, ნაკრებისა და რეზერვის შემადგენლობა კი, ორივე ტურში დაგროვილი ქულების ჯამის მიხედვით განისაზღვრა.
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები გამოირჩევიან მასშტაბურობითა და ხანგრძლივი გამოცდილებით. მათი მიზანია სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში მოსწავლეების ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა.