საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამორჩეული ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა მეცნიერების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
სხვადასხვა თაობის მეცნიერებს, მკვლევრებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცეს და ამ სფეროს განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის სიგელები გადასცეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ რუსთაველის ფონდის 2026 წლის პრემიის „მეცნიერებაში შეტანილი წვლილისა და განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ ლაურეატი 9 ღვაწლმოსილი მეცნიერი და და რუსთაველის ფონდის 2026 წლის პრემიის კონკურსის „მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის“ გამარჯვებული 11 ახალგაზრდა მეცნიერი და მკვლევარი.
რუსთაველის ფონდის 2026 წლის პრემია „მეცნიერებაში შეტანილი წვლილისა და განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ მიენიჭა ღვაწლმოსილ მეცნიერებს:
გიორგი აბრამიშვილი — ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. ქართული საინჟინრო მეცნიერების გამორჩეული წარმომადგენელი, რომლის ფუნდამენტური კვლევები საავტომობილო ტრანსპორტის, ძრავების, საწვავ-საცხი მასალებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და გამოგონების; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საინჟინრო განათლების განვითარებასა და მომავალი თაობის სპეციალისტთა მომზადებაში.
ვლადიმერ პაპავა — ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. ქართული ეკონომიკური მეცნიერების ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი, მაკროეკონომიკისა და ეკონომიკური რეგულირების საკითხების ცნობილი მკვლევარი. 500-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა და 30-ზე მეტი წიგნისა და მონოგრაფიის ავტორი. სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობებს; არის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და არაერთი საერთაშორისო აკადემიური გაერთიანების წევრი.
თეიმურაზ ჩიგოგიძე — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ქართული უროლოგიის გამორჩეული წარმომადგენელი, მრავალი საერთაშორისო პროფესიული გაერთიანების წევრი და საქართველოს უროგინეკოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი. 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მის მიერ შემუშავებულმა შარდის ბუშტის რეკონსტრუქციის ორიგინალურმა ქირურგიულმა მეთოდმა -„თბილისის ტოპრაკმა“ - საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და თბილისის საპატიო მოქალაქეა.
იზოლდა მელიქიშვილი - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი. ქართული დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების გამორჩეული მკვლევარი, რომლის სამეცნიერო საქმიანობა ძველი ქართული საეკლესიო ნაქარგობის, ტრადიციული სამოსისა და ხელსაქმის ისტორიის შესწავლას უკავშირდება. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და კატალოგის. სამუზეუმო და პედაგოგიური მოღვაწეობის 55-წლიანი გამოცდილებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევასა და პოპულარიზაციაში.
მინდია უგრეხელიძე - სამართალმცოდნეობის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი აკადემიკოსი. პირველი ქართველი მოსამართლე საერთაშორისო მართლმსაჯულების ინსტიტუციურ სისტემაში. თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, რამდენიმე მეცნიერული პრემიისა და ჯილდოს მფლობელი. მინდია უგრეხელიძე გახლავთ სამართალცოდნეობის წამყვან დარგებში არაერთი ფუნდამენტური ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. მისი სამეცნიერო საქმიანობის შედეგები პრაქტიკულად გამოიყენება ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ. შესაბამისად, ცნობილი და აღიარებულია უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებსა და გამოცემებში, საცნობარო წყაროების ჩათვლით. ფართოდ იყენებს და ნერგავს მეცნიერული კვლევისა და სწავლების ინოვაციურ მეთოდებს: ლეგიმეტრია, სემიოტიკა, დიმენსიოლოგია და სხვ. ბატონი მინდია დღემდე განაგრძობს აქტიურ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას.
თედო ნინიძე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი. ქართული სამართლის მეცნიერების გამორჩეული წარმომადგენელი და ღვაწლმოსილი პედაგოგი, რომლის სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა თანამედროვე კერძო სამართლის განვითარებას უკავშირდება. ავტორია ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „მეწარმეთა შესახებ“ კანონის პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული კომენტარებისა. სხვადასხვა დროს ეკავა საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრის, გენერალური პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის თანამდებობები. მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბებაში.
გიორგი სალუქვაძე — არქიტექტურის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ქართული არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის გამორჩეული წარმომადგენელი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და არქიტექტურული პროექტის ავტორი. მისი მონაწილეობით დაპროექტებულია 26 არქიტექტურული ობიექტი, რომელთაგან 20 განხორციელებულია. მრავალწლიანი აკადემიური და პრაქტიკული საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქართული არქიტექტურული სკოლისა და არქიტექტურის განათლების განვითარებაში. დაჯილდოებულია სახელმწიფო და საერთაშორისო ჯილდოებით.
ლევან უჯმაჯურიძე — სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მევენახეობა-მეღვინეობის დარგის აღიარებული მეცნიერი, მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ექსპერტი და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. ავტორია ოთხი მონოგრაფიისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის. მისი საქმიანობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქართული ვაზის გენეტიკური რესურსების დაცვის, კვლევისა და საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის.
როზეტა გუჯეჯიანი — ისტორიის დოქტორი, პროფესორი. ქართული ტრადიციული კულტურისა და ეთნოლოგიური მემკვიდრეობის ცნობილი მკვლევარი. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს საქართველოს მთიანეთის ყოფისა და კულტურის, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისა და ქართული დიასპორის საკითხებს. ავტორია რვა მონოგრაფიისა და დაახლოებით 100 სამეცნიერო სტატიისა. აქტიურ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრძელებს.
ასევე სიგელებით დაჯილდოვდნენ რუსთაველის ფონდის 2026 წლის პრემიის კონკურსის „მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის“ გამარჯვებულო ახალგაზრდა მეცნიერები, მკვლევრები:
ინგა სამხარაძე — ფიზიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ თანამშრომელი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომისა და რუსთაველის ფონდის ხუთგზის გრანტიორი. დაჯილდოებულია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით.
ბიძინა აბესაძე — მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დოქტორი, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი. ავტორია 27 სამეცნიერო ნაშრომისა და რუსთაველის ფონდის ხუთგზის გრანტიორი. დაჯილდოებულია ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.
ნათია სხვიტარიძე — ჯანმრთელობის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომისა და არაერთი საერთაშორისო პროექტის მენეჯერი და კოორდინატორი. დაჯილდოებულია მედიცინის მეცნიერებათა მიმართულებით.
ქეთევან ომანაძე — ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომისა და რუსთაველის ფონდის ორგზის გრანტიორი. დაჯილდოებულია მედიცინის მეცნიერებათა მიმართულებით.
ქრისტინე მუსელიანი — აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომისა და რუსთაველის ფონდის სამგზის გრანტიორი. დაჯილდოებულია აგრარული მეცნიერებების მიმართულებით.
ეთერ ტყეშელიაძე — აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ავტორია რვა სამეცნიერო ნაშრომისა და რუსთაველის ფონდის ოთხგზის გრანტიორი. დაჯილდოებულია აგრარული მეცნიერებების მიმართულებით.
გიორგი ქათამაძე — ფინანსების მიმართულების დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ასისტენტ-პროფესორი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომისა და რუსთაველის ფონდის ოთხგზის გრანტიორი. დაჯილდოებულია სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით.
ნინო ბენდიანიშვილი — ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომისა, ხელმძღვანელობს და მონაწილეობს არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევით პროექტში. დაჯილდოებულია სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით.
გიორგი ჯღარკავა — ფილოლოგიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომისა და რუსთაველის ფონდის შვიდგზის გრანტიორი. დაჯილდოებულია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით.
შალვა ბილანიშვილი — ფიზიკის დოქტორი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი და იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის ფრასკატის ნაციონალური ლაბორატორიის პოსტდოქტორანტი. არის 17 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და რუსთაველის ფონდის ორგზის გრანტიორი. დაჯილდოებულია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით.
ირინე საგანელიძე — კულტურის კვლევების დოქტორი, თბილისის სამხატვრო აკადემიის მოწვეული პროფესორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი. ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომისა და რუსთაველის ფონდის ორგზის გრანტიორი. დაჯილდოებულია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით.
მეცნიერების საერთაშორისო დღე გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია „იუნესკოს“ მიერ 2001 წელს დაფუძნდა. ამ დღის მიზანია მეცნიერების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და აქტუალური სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართვის ხელშეწყობა. 2026 წლის მეცნიერების საერთაშორისო დღის მთავარი სლოგანია: „საერთო საფუძვლის პოვნა სამეცნიერო დიპლომატიის გზით“.