შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„საქართველოს ისტორია ოლივერ და მარჯორი უორდროპების თვალით“

15 მაისს, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამარჯვებულმა, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდიის მფლობელმა საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით, ფილოსოფიის დოქტორმა, თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა ნიკოლოზ ალექსიძემ ამავე მიმართულების პედაგოგებისთვის, ფონდის გრანტიორებისთვის ჩაატარა დისტანციური ლექცია „საქართველოს ისტორია ოლივერ და მარჯორი უორდროპების თვალით“.

საუბარი შეეხო ოლივერ და მარჯორი უორდროპების უდიდეს როლს ქართველოლოგიის, როგორც მეცნიერების განვითარებაში, ბრიტანულ-ქართულ საზოგადოებრივ - ლიტერატურულ ურთიერთობებში. წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია უორდროპების მოღვაწეობისა და მათ მემკვიდრეობის შესახებ -. ოქსფორდში, ბოდლეის ბიბლიოთეკაში დაცულ ქართული წიგნებისა და ხელნაწერების უორდროპებისეულ კოლექციაზე, რომელიც უმდიდრეს მასალას მოიცავს, მათ შორის, „ვეფხისტყაოსნის“ მეჩვიდმეტე საუკუნის ორი ხელნაწერს. ამ უნიკალურ არქივში დაცულია მრავალფეროვანი ქართული საერო და სასულიერო ლიტერატურა. ნიკოლოზ ალექსიძემ აღნიშნა, რომ კოლექციაში გადაჯაჭვულია პირადი და საზოგადოებრივი, ყურადღება გაამახვილა და-ძმა უორდროპების როლზე საქართველოს, მისი კულტურის პოპულარიზაციის საქმეში, ოლივერის, როგორც გავლენიანი დიპლომატის როლზე ინგლისის მიერ 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებაში, „ვეფხისტყაოსნის“ მთარგმნელის, მარჯორი უორდროპის ლიტერატურულ მოღვაწეობაზე, ამ საკითხებისადმი მისი ავტორობით გამოცემულ წიგნზე „საქართველო – კულტურული მოგზაურობა უორდროპების კოლექციაში“. ლექციის ფარგლებში აღინიშნა, რომ ხდება ბოდლეის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ტექსტების გაციფრება, რაც ხელს უწყობს ქართველოლოგიის პოპულარიზაციას ახალგაზრდა ევროპელ მეცნიერებს შორის, სამეცნიერო კვლევებში აქტიურად მონაწილეობენ რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტიორები.

დასასრულს ნიკოლოზ ალექსიძემ უპასუხა ონლაინ შეხვედრის მონაწილეების მრავალრიცხოვან შეკითხვებს. რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიადმა გაბისონიამ ისაუბრა ფონდის მიმდინარე პროექტზე „ონლაინ საჯარო ლექციები“ , აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი გამოცემების, ხელნაწერების, ისტორიული მასალის დიგიტალიზაცია რუსთაველის ფონდის ერთ- ერთი პრიორიტეტია, მადლობა გადაუხადა ფონდის ახალგაზრდა გრანტიორს საინტერესო ლექციისთვის, აქტიური თანამშრომლობისთვის.