შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შეხვედრა პოლონეთის მეცნიერების ფონდის ხელმძღვანელსა და საზღვარგარეთ პოლონეთის კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორთან

6 დეკემბერს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია ეწვია პოლონეთის მეცნიერების ფონდს და შეხვედრა გამართა ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან.

შეხვედრის ფარგლებში ჯაბა სამუშიამ პოლონურ მხარეს გააცნო რუსთაველის ფონდის ძირითადი საქმიანობა, ისაუბრა ბილატერალური თანამშრომლობის, პროგრამებისა  და ფონდის ჩართულობის შესახებ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ურთიერთანამშრომლობით,  ერთობლივი სქემების  შემუშავება და ადმინისტრირება პოლონეთსა და საქართველოს შორის სამეცნიერო კავშირების გაძლიერებისთვის.

პოლონეთის მეცნიერების ფონდი შეიქმნა  1991 წელს და წარმოადგენს დამოუკიდებელ, თვითდაფინანსების, არაკომერციულ და არასამთავრობო ორგანიზაციას. მისი მიზანია  პოლონეთში მეცნიერების მხარდაჭერა, წარმოადგენს პოლონეთის ყველაზე დიდ არასაბიუჯეტო ორგანიზაციას მეცნიერების დაფინანსების მიმართულებით.

რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორი ასევე შეხვდა  პოლონეთის კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს, ქალბატონ დოროთა იანიჟევსკა - იაკუბიაკს. აღნიშნული ინსტიტუტი წარმოადგენს პოლონეთის სახელმწიფო ორგანიზაციას, რომლის მიზანია  საზღვარგარეთ არსებული პოლონეთის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის მხარდაჭერა, პოპულარიზაცია.

შეხვედრაზე რუსთაველის  ფონდის დირექტორმა, ჯაბა სამუშიამ  ხაზი გაუსვა საქართველოსთვის პოლონეთის სახელმწიფოს როგორც პოლიტიკურ, ასევე სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობას. მან გამოთქვა სურვილი   აღნიშნულ ორგანიზაციასთან ურთიერთობის წამოწყების თაობაზე, რაც ითვალისწინებს თანამშრომლობის ინიცირებას პოლონელი და ქართველი მეცნიერ-ისტორიკოსების ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების მხარდაჭერის  გზით.  პოლონეთის მხარე მიესალმა აღნიშნულ ინიციატივას და ქართულ მხარესთან  თანამშრომლობის განვითარების მზადყოფნა გამოხატა.  ორივე შეხვედრაში მონაწილეობდა ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, ორიენტალისტიკის ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის კავკასიოლოგიური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, დავით ყოლბაია.