შეხვედრა წამყვანი საერთაშორისო სამეცნიერო გამომცემლობა Elsevier-ის წარმომადგენლებთან
გაიმართა შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ერთ-ერთი წამყვანი ციფრული საერთაშორისო სამეცნიერო გამომცემლობა Elsevier-ის წარმომადგენლებს შორის.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა Elsevier-ის წარმომადგენლებთან განიხილეს არსებული თანამშრომლობის ფორმატი, მიღწეული შედეგები და გამოწვევები; ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, თანამშრომლობის გაძლიერების მექანიზმებსა და საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობის გზებზე.
ELSEVIER-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: კირილ ივანოვი - მომხმარებელთა წარმატების მენეჯერი (Customer Success Manager) და ბარტლომიე (ბარტეკ) ვიეკოვსკი - მომხმარებელთა კონსულტანტი; კვლევითი მონაცემების ანალიტიკოსი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე ლალი ბირთველიშვილი, ფონდის ადმინისტრაციული და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მაკა იაშვილი, სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ბეციაშვილი, სამეცნიერო დეპარტამენტის სპეციალისტი ნინო აბუსელიძე.
ელსევიერი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო გამომცემლობაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას, სტატიებს, რეფერატებს, წიგნებს და ა.შ.
2014 წლიდან სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ELSEVIER-ს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ფონდი ყოველწლიურად უზრუნველყოფს კონსორციუმის წევრი ორგანიზაციებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე ღია წვდომას.
57 ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმი მოიცავს საქართველოში ავტორიზებულ სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, სამეცნიერო - კვლევით ცენტრებს, სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, სსიპ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას და სსიპ საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიას. კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს - სტუდენტებს, აკადემიურ-სამეცნიერო და ადმინისტრაციულ პერსონალს წვდომა აქვთ ელსევიერის საგამომცემლო სახლის უმნიშვნელოვანეს ბაზებზე - Scopus და Science Direct. აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეუძლიათ უსასყიდლოდ ჩამოტვირთონ და ისარგებლონ მსოფლიოში გამოქვეყნებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურით (სამეცნიერო სტატიები, წიგნები, წიგნების თავები, აბსტრაქტები) მათი კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის.
ბაზებზე წვდომის ღირებულება სრულად ფინანსდება სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.
შეხვედრის შემდეგ , ELSEVIER-ის წარმომადგენლებმა კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებისთვის ჩაატარეს ტრენინგი Scopus-ის ბაზებში ჟურნალების განთავსების თემაზე.
ტრენინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: Scopus-ში ინდექსირების უპირატესობები; Scopus-ის შეფასების პროცედურისა და კრიტერიუმების დეტალური განმარტება; გავრცელებული შეცდომები, რომლებიც თავიდან უნდა იქნას აცილებული; საუკეთესო პრაქტიკა ჟურნალის შესაფასებლად მომზადებისთვის. ტრენინგს ესწრებოდნენ წამყვანი ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლები. ტრენინგი ჩატარდა ინგლისურ ენაზე.
ფონდისა და ელსევიერის თანამშრომლობის ფარგლებში, ელსევიერის გუნდი რეგულარულად ატარებს ონლაინ ტრენინგებს, ვორქშოფებს და ვებინარებს კონსორციუმის წევრი ორგანიზაციებისთვის სხვადასხვა თემატიკაზე. მსგავსი ტრენინგის ორგანიზება/ჩატარება კვლავ გაგრძელდება მიმდინარე თანამშრომლობის ფორმატში.