გამოცხადდება რუსთაველის ფონდისა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამეცნიერო კომიტეტის ერთობლივი საგრანტო კონკურსი
გაცნობებთ, რომ 2024 წლის სექტემბერში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (SRNSFG) და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი (HESC RA), 2023 წლის 7 ივნისს ხელმოწერილი „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის“ პროგრამის საფუძველზე გამოაცხადებს საგრანტო კონკურს ქართული და სომხური კვლევითი ჯგუფების ერთობლივი სამეცნიერო პროექტების მხარდაჭერის მიზნით.
კონკურსის მიზანია მკვლევართა მობილობის გააქტიურებით ერთობლივი კვლევითი პროექტების მხარდაჭერა შემდეგ მიმართულებებში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ინჟინერია და ტექნოლოგია; სამედიცინო მეცნიერებები; სოფლის მეურნეობის მეცნიერებები და სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები (კერძოდ, ქართველოლოგიისა და არმენოლოგიის სფეროებში).
ქართული და სომხური კვლევითი ჯგუფების მიერ შემუშავებული საპროექტო წინადადებები წარედგინება შესაფასებლად და დასამტკიცებლად ერთდროულად SRNSFG-სა და HESC RA-ს. პროექტები დამოუკიდებლად შეფასდება და დამტკიცდება ორივე მხარის მიერ საკუთარი წესებისა და რეგულაციების დაცვით. ერთობლივი კვლევითი პროექტის განხორციელების ვადა ორი წელია.
კონკურსის დეტალები და ინფორმაცია ვადების შესახებ გამოქვეყნდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე.