თბილისის ინგუშური კულტურის ცენტრმა უახლესი გამოცემა "საქართველოს ინგუშოლოგიური კორპუსი" წარადგინა
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში თბილისის ინგუშური კულტურის ცენტრმა უახლესი სამეცნიერო გამოცემა — „საქართველოს ინგუშოლოგიური კორპუსი“ (სამტომეული) — წარადგინა. პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა, რომელმაც ისაუბრა ქართველებისა და ინგუშების მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებზე, ისტორიულ კავშირებსა და კულტურულ თანაცხოვრებაზე. მისი თქმით, მსგავსი სამეცნიერო გამოცემები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ისინი ხელს უწყობს ხალხთა შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას, საერთო ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და ახალგაზრდა თაობებისთვის ამ ურთიერთობების გაცნობას.
ფონდის გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს ისეთ პროექტებს, რომლებიც საქართველოს მრავალფეროვან კულტურულ და სამეცნიერო მემკვიდრეობას იკვლევს და ხელს უწყობს კავკასიური ხალხების ისტორიული ურთიერთობების შესწავლას.
გამოცემა აერთიანებს საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცულ ინგუშეთთან დაკავშირებულ საარქივო დოკუმენტებს, აგრეთვე ქართულ ისტორიოგრაფიაში, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ და პერიოდულ გამოცემებში დაცულ მასალებს ინგუშეთის შესახებ.